ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დემოკრატიულ გზას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და პროგრესის ხილვა გვსურს - სენატორი შაჰინი


„რაც აშკარად ცხადი იყო, ისაა, რომ საქართველოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ გვსურს ვიხილოთ პროგრესი დემოკრატიზაციის რეფორმების მიმართულებით“ - სენატორმა შაჰინმა შემაჯამებელი ვიდეომიმართვა საქართველოს შესახებ სენატში გამართული მოსმენის შემდეგ გაავრცელა.

„ჩვენ გვჭირდება ვიხილოთ, რომ „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია, დაჯდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ - ოპოზიციურ პარტიასთან - ერთად და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების პარლამენტში დაბრუნებას“ - აცხადებს სენატორი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შესახებ, შეფასებები კეთდება თბილისშიც.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სენატს მადლობას უხდის ორპარტიული მხარდაჭერის გამოხატვისთვის.

„მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. “ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული“ - განცხადება თალაკვაძემ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა და ამბობს, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო დემოკრატიული რეფორმების გატარებას აგრძელებს.

„რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ოპოზიციის წარმომადგენლის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, სენატში გამართული მოსმენით ნათელი გახდა, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესიდან კონკრეტულ შედეგს ელოდება. სამადაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მმართველ გუნდს დაეკისრება.

„ვფიქრობ, სენატში ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას და ასევე, დიდია შეშფოთება საქართველში დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვეევების თაობაზე. ვნახეთ, რომ საუბარი იყო როგორც პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე, ასევე სასამართლო კლანზე, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას. საუბარი იყო უამრავ პრობლემაზე, რომელიც არჩევნებზე გამოვლინდა და ფაქტობრივად მითითებული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ეს არჩევნები არ იყო იმ სტანდარტის, რომელსაც მათი დასავლელი პარტნიორები ელოდებიან ამ ქვეყნისგან.


კითხვები ასევე შეეხებოდა იმას, უნდა გადახედოს თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი დახმარების გაცემის პირობებს საქართველოსთან მიმართებით და რაც მთავარია, შეთანხმდა, რომ დაიწყება რეზოლუციაზე მუშაობა, სადაც აისახება საქართველოსთან მიმართებით განახლებული პოლიტიკა. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ეს გზავნილები ძალიან ნათელს უნდა ხდიდეს, რომ სტრატეგიული მოკავშირე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესიდან კონკრეტულ შედეგებს ელოდება და თუ ეს შედეგი არ დაიდება, ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება, როგორც გუშინ სენატიდანაც შეახსენეს“ - აცხადებს სამადაშვილი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

"დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში" - თემაზე შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა გუშინ გაიმართა.

მოსმენა ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მოიწვია. მომხსენებლებად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტი იყვნენ მიწვეულნი. ​

სენატის საკომიტეტო მოსმენის მიზანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შეფასება და სენატორების ინფორმირება იყო იმისთვის, რომ მათ შემდგომი საკანონმდებლო ნაბიჯები შეიმუშავონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG