ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კორონავირუსის მონაცემები იზრდება, იტალიასა და ესპანეთში კი ზრდა შენელდა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც გასულ კვირას კორონავირუსი დაუდგინდა, გუშინდელს შემდეგ საავადმყოფოში რჩება. გუშინ ის საავადმყოფოში დამატებითი შემოწმებისთვის გადაიყვანეს, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა. პრემიერის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს ნაბიჯები უფრო სიფრთხილის მიზნითაა გადადგმული და ჯონსონი კვლავ მეთაურობს მთავრობის საქმიანობას.

ბრიტანეთი ბოლო დროს ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი ცხელი წერტილია. იქ ამ დროისთვის 48 451 დადასტურებული შემთხვევაა, 5000-მდე გარდაცვლილი, 229 კი - გამოჯანმრთელებული. მხოლოდ კვირა დღეს გარდაცვალების 600 ფაქტი დაფიქსირდა.

ევროპის ზოგიერთ სხვა ნაწილში კი მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება. ვირუსის რამდენიმეკვირიანი სწრაფი და ფართო გავრცელების და შეზღუდვების უმკაცრესი ზომების შემდეგ იტალიაში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბოლო ორ კვირაში ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა. ასევე მძიმედ დაზარალებულ ესპანეთში ყოველდღე დაფიქსირებულ შემთხვევათა და გარდაცვალებათა რაოდენობა იკლებს.

განსხვავებული ვითარებაა ავსტრიაში, სადაც ამ დროისთვის 12 000 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყნის ხელისუფლება შეზღუდვების შემცირებას გეგმავს და ამბობს, რომ მომავალი კვირიდან მცირე ბიზნესები, მცირე მაღაზიები უნდა გაიხსნას, დანარჩენი მაღაზიები კი 1 მაისისთვის უნდა იყოს ღია.

შეერთებულ შტატებში კი ნიუ-იორკის დახმარებას ცდილობენ. დასავლეთით მდებარე შტატების - ორეგონისა და ვაშინგტონის მმართველებმა განაცხადეს, რომ ათასობით სასუნთ სისტემას გაგზავნიან ნიუ-იორკში, შტატში, რომელშიც ახლა ეს სამედიცინო ტექნიკა ყველაზე მეტადაა საჭირო.

შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, 9 600 ადამიანია გარდაცვლილი. მათი თითქმის მესამედი მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც საავადმყოფოების გადატვირთულობის პრობლემას საველე ჰოსპიტლების გახსნით, სამხედრო ხომალდზე მოწყობილი კლინიკით და სხვა საშუალებებით ცდილობენ.

ვირუსით ინფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება სხვა შტატებშიც, მაგალითად პენსილვანიაში, კოლორადოსა და ქვეყის დედაქალაქ ვაშინგტონში, სადაც უკვე ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული.

სამხრეთ კორეაში, რომელიც ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც ვირუსი სწრაფად გავრცელდა, ორშაბათს მხოლოდ 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ მოდუნდეს და რომ კვლავ სიფრთხილით მოეკიდოს მიღებულ ყველა ზომას, რათა ქვეყანაში ვირუსის ხელახალი აფეთქება არ მოხდეს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ტოკიოსა და 6 სხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. ქვეყანაში ამჟამად 3 600 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის, ტოკიოშიც რიცხვები სწრაფად იზრდება. მთავრობამ ეკონომიკური დახმარებისთვის უკვე გამოყო 1 ტრილიონი დოლარი.

იზოლაციის, კარანტინის და ვირუსის გავრცელების პარალელურად თითქმის მთელ მსოფლიოში გაზრდილია ოჯახში ძალადობის შემთხვევები. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოების ხელისუფლებებს, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ქალების დასაცავად.

XS
SM
MD
LG