ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ლიდერები მოსახლეობას შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებენ


ევროპის სახელმწიფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად იზრდება. მსოფლიოში ყველაზე მეტი, 300 000-ზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, თუმცა ევროპაში ამჟამად ყველაზე მაღალი ციფრები ესპანეთშია. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ესპანეთში 130 700-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.

შემდეგია იტალია 124 600-ზე მეტი შემთხვევით. შემდეგ კი გერმანია 96 ათას და საფრანგეთი 90 ათას შემთხვევაზე მეტით. ჩინეთში კი ამჟამად 82 600 პაციენტის შემთხვევის შესახებაა ცნობილი. ჩინეთზე თითქმის 24 ათასი შემთხვევით ნაკლები ფიქსირდება ირანში. 42 000-ზე მეტი პაციენტია დიდ ბრიტანეთში, 23 ათასზე მეტი - თურქეთში. 21 ათასი - შვეიცარიაში, 20 000-მდე ბელგიაში, 18 ათასამდე ნიდერლანდებში. კანადაში კი კოვიდ-19 ამ დრომდე 14 პაციენტს დაუდასტურდა.

იტალიაში შაბათს გასული ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებად გაიზარდა. ამასთან პირველად დაფიქსირდა იმ პაციენტთა რაოდენობის კლება, რომელთაც ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. ეს ევროპელთა ნაწილს იმედს უჩენს, რომ შესაძლოა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პიკი გადალახა. თუმცა იტალიაში მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე ბევრი - 15 000 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი - მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა დაახლოებით მეოთხედი.

საფრანგეთში ამ დრომდე 7 600-მდე ადამიანია გარდაცვლილი. მოსახლეობისთვის სახლში დარჩენის მოთხოვნა 17 მარტიდან მოქმედებს. ქვეყნის მედიასაშუალებებით, მათ შორის ტელევიზიით, ექიმები და სხვა სპეციალისტები გამუდმებით მოუწოდებენ მოსახლეობას შინ დარჩენისკენ და აკრიტიკებენ ადამიანებს, რომლებიც მდინარის ნაპირებზე, სასურსათო მაღაზიებში თუ ბუნებაში კვლავ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილდებიან და სიფრთხილეს არ იჩენენ.

"ნუ აჰყვებით ცდუნებას, თუნდაც ეს უქმეები იყოს, თუნდაც ძალიან კარგი ამინდი იყოს გარეთ, დარჩით სახლში რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია. არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე შეზღუდვების სანახევროდ შესრულება", - ამბობს ვალერი პეკრისი, "პარიზის რეგიონის" პრეზიდენტი და ყოფილი მინისტრი. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით საფრანგეთს 90 000-მდე დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევა აქვს და სისტემის მეთაურები ცდილობენ პაციენტები სხვადასხვა რეგიონში გადაანაწილონ, რათა კონკრეტული დაწესებულებები შედარებით განიტვირთოს.

შეზღუდვების გამკაცრების შესაძლებლობაზე საუბრობენ დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაემორჩილოს შეზღუდვებს და დარჩეს სახლში. კვირას კვლავ შედარებით შემცირებული იყო ახალი ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვები ესპანეთშიც, ქვეყანაში, რომელიც 4 კვირაა პრაკტიკულად სრულ კარანტინშია.

თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ალბანეთში. კვირას ქვეყანაში 28 ახალი შემთხვევის დადასტურების თაობაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო სამ დღეში ინფიცირების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოციალური დისტანცირების მოთხოვნისა და წესების დარღვევის შედეგია. ქვეყანაში ინფიცირებული 361 პაციენტიდან 104 გამოჯანმრთელდა, 20 კი - გარდაიცვალა.

მიუხედავად გადაადგილების მკაცრი შეზღუდვების, პოლიციის მონიტორინგისა და სერიოზული ჯარიმებისა, ქვეყანაში ადამიანები ამ მოთხოვნებს კვლავ არღვევენ. დაავადების გავრცელება გამოიწვია ასევე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ახლობლების დასწრებამაც. ევროპის ამ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში მთავრობა აქტიურად ცდილობს განსაკუთრებული სიმკაცრით დაავადების გავრცელება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა თავიდან აირიდოს. ხელისუფლება მოქალაქეებს სთხოვს, თავს ნუ დაიმშვიდებენ სხვა ევროპული ქვეყნების ციფრებთან შედარებით, რადგან უარესი ჯერ კიდევ წინაა. ამ უქმეებზე ხელისუფლებამ გადაადგილება სრული 40 საათით შეზღუდა.

XS
SM
MD
LG