ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტის ზონაში მორიგი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს


სამხრეთ ოსეთიდან დევნილების დასახლება
სამხრეთ ოსეთიდან დევნილების დასახლება

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში რუსმა მესაზღვრეებმა დღეს 44 წლის ადგილობრივი, სოფელ კოშკას მაცხოვრებელი დავით კუდუხაშვილი დააკავეს, რომელიც სოფლის განაპირას შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდა. კუდუხაშვილის დაკავებას თვითმხილველები ჰყავს. “მხოლოდ ის ვიცით, რომ გაატარეს რუსმა მესაზღვრეებმა. ჩვენი პოლიცია ჩართულია და პასუხი საღამოს გვეცოდინება,“ მბობს დაკავებულის ახლობელი ივანე კუდუხაშვილი.

უკანასკნელ პერიოდში კონფლიქტის ზონაში დაკავებების ოდენობამ იმატა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამების ამუშავება, რაც ბუნებრივი აირის კონფლიქტის ზონის ყველა სოფლამდე მიყვანას ითვალისწინებდა, ჯერ გასულ წელს, ახლა კი მიმდინარე წლის ბოლოდე იყო დაანონსებული, ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლების უმეტესობაში გაზი ჯერაც არ ჩართულა. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას კვლავ შეშით უწევთ გათბობა.

ის ფართობები, კი რაც ტყითაა დაფარული, უმეტესწილად, სოფლის განაპირას მდებარეობს და მათზე პრეტენზიას ოსური მხარე აცხადებს. რუსი მესაზღვრეების მიერ კონტროლდება ის პერიმეტრიც, რომელიც ჯერ არაა გაღობილი ლითონის ბადეებით და მავთულხლართებით. კუდუხაშვილის შემთხვევაში დაკავება სწორედ ასეთ ტერიტორიაზე მოხდა. ადგილი, სადაც არც პირობითი მინიშნებებია და არც ბანერები, რთულია ამტკიცო, კონკრეტულად, ვისი დე-ფაქტო კონტროლის ქვეშაა.

ოსეთის მიმართულებით არც ერთი საბანკო ოპერაცია არ ხორციელდება საქართველოს არც ერთი ბანკიდან, მათ შორის, კომერციული ბანკებიდან. თუ არ გყავს ნაცნობი ცხინვალისკენ, იძულებული ხარ, გამონახო შუამავალი, რომელსაც უნდა გადაუხადო გარკვეული საფასური, რომ მან ეს სამსახური გაგიწიოს.
ლია ჩლაჩიძე, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი

ყოველი დაკავებული, ვინც ცხინვალის ციხეში ხვდება, დე-ფაქტო ადმინისტრაციის ბიუჯეტის სასარგებლოდ 2000 რუსულ რუბლს იხდის. ჯარიმა ორმაგდება ან სამმაგდება იმისდა მიხედვით, თუ რადენჯერ აკავებენ ერთსა და იმავე პიროვნებას. სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივებისთვის ამ თანხის აკუმულირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა სირთულე არა მხოლოდ თანხის ოდენობის თვალსაზრისით არსებობს, არამედ მისი გადახდის ტექნიკურ ასპექტებსაც ეხება. ცხინვალის მხარეს ნათესავები ვისაც არ ჰყავს, ვინც თანხა უშუალოდ უნდა ჩარიცხოს დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე, ისეთი შუამავლის გამოძებნაა საჭირო, ვინც ამგვარ სერვისს შეასრულებს. ეს დამატებით თანხებთანაა კიდევ დაკავშირებული.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას სოფელ ერგნეთის მკვიდრი, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ლია ჩლაჩიძე ამბობს:

„ოსეთის მიმართულებით არც ერთი საბანკო ოპერაცია არ ხორციელდება საქართველოს არც ერთი ბანკიდან, მათ შორის, კომერციული ბანკებიდან. თუ არ გყავს ნაცნობი ცხინვალისკენ, იძულებული ხარ, გამონახო შუამავალი, რომელსაც უნდა გადაუხადო გარკვეული საფასური, რომ მან ეს სამსახური გაგიწიოს. ასე რომ, თანხამ შესაძლოა რამდენიმე ადამიანის ხელში გაიაროს. ეს, ჯარიმის ღირებულებას, რა თქმა უნდა, აძვირებს.“

"ამერიკის ხმა" უკანასკნელ პერიოდში კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებების სტატისტიკითაც დაინტერესდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე არ გასცემს - ასე გვითხრეს უწყებაში, თუმცა სამომავლოდ ცნობების მოწოდებას ამ თემაზე შეგვპირდნენ.

XS
SM
MD
LG