ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიზალიბერალიზაცია, თუ ლატენტობა წარსულისადმი


2015 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხის შესახებ საქართველოს ხელისუფლება პოზიტიურ ცვლილებებს ელის და აანონსებს. "დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია. ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა.. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში და შემდეგ 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, - ეს განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა, როდესაც ბრუსელის ვიზიტის შედეგები შეაფასა.

„ძალიან გამიკვირდა, რომ ბოლო გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ვიზალიბერალიზაციისადმი ძალიან მცირეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ელჩის მოადგილე კარლო ნატალემ განუცხადა. ეს ორი განცხადება რომ შევაჯამოთ, მივიღებთ პასუხს, რომლის მიხედვით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, მხოლოდ ეს ვიზალიბერალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება.

რა მოლოდინები, სურვილები და მიზნები აქვს საქართველოს მომავალი განვითარების შესახებ, ამ საკითხის ფოკუსი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 31 პროცენტი ევრაზიული კავშირის მიმართ სიმპათიებს აფიქსირებს და მისი წევრობა სურს. ამ მაჩვენებლის გაზრდისთვის პრორუსული ორგანიზაციები ფინანსებსა და ენერგიას არ იშურებენ და მეტი მხარდამჭერის მოზიდვისთვის საქართველოს სოფლებში სურსათსაც კი არიგებენ.

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მართალია, არ აქვს, მაგრამ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკისა და ტრანსპორტის არაპოლიტიკური ნიშა უნდა დაეკავებინა, ახლა უკვე გაზრდილია და მასში ეკონომიკის სამინისტროც მონაწილეობს. ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის წარმომადგენელი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ჩართვა პროცესს ეკონომიკურიდან პოლიტიკურ რელსებზე გადასვლის ეფექტს აძლევს.

აი, რას ამბობს შეხვედრის წინ ზურაბ აბაშიძე: „ჩვენ მოვუხსენით რუსეთის მოქალაქეებს სავიზო მოთხოვნა ჯერ კიდევ 2011 წელს. წელს კიდევ უფრო გამარტივდა მათთვის საქართველოში ჩამოსვლის საშუალება, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის. ახლა მათი გადასაწყვეტია. თუ აქვთ ნება, სურვილი, გაამარტივებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებული თემების განხილვას, ის რაც ხდება: ადამიანების გატაცება, წვალება, საერთაშორისო სამართალზე რომ არაფერი ვთქვათ საერთოდ, ესაა ელემენტარული ადამიანური ნორმების აბუჩად აგდება და ამას ჩვენ მასაც (კარასინს) ვეტყვით, საჯაროდაც განვაცხადებთ“

გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. იგი ჟენევის დისკუსიებზეცაა წარმოდგენილი.

ზურაბ ბენდიანიშვილი იმ მახეზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც რუსეთზე მიბმული ეკონომიკა აგებს: „გრძელვადიან სტრატეგიაში, საქართველოსთვის რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატი და ევროპის ინტეგრაციის მიმართულება. საინტერესოა დელეგაციის შემადგენლობა, რადგან, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყოს ჩართული. შეიძლება, რაღაც კონტექსტში ეს უკავშირდებოდეს იგივე გაზპრომის თემის გააქტიურებას ენერგეტიკული მიმართულებით. ზოგადად, ან რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხის წამოწევა ხდებოდეს. ამის შესახებ, ასეთი ღია ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, ლოგიკურად, ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობა იქ ცოტა გასაკვირია. წინსწრებით, რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იღებს ის მონაწილეობას მოლაპარაკებაში, არ გვაქვს ჩვენ“.

საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ხელისშემშლელებად მოიხსენიებენ.

XS
SM
MD
LG