ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესამოცე შეხვედრა ერგნეთში


ნაომარი ნიქოზი, აგვისტო, 2008

მიმდინარე კვირა ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებებით აღინიშნა. მათ შორის საინტერესოა, რომ მასობრივ დაკავებასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მაცხოვრებლები რუსმა მესაზღვრეებმა ეკლესიასთან არ მიუშვეს გიორგობის აღსანიშნად და დააკავეს. მოგვიანებით ქალები და ბავშვები გამოუშვეს, მამაკაცები კი ცხინვალში გადაიყვანეს. ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ დაკავებები განმეორდა. ამჯერად სოფელ აძვიდან, საიდანაც 3 პიროვნება დააკავეს დაახალუბნიდან, სადაც ერთი მოქალაქე აიყვანეს პატიმრობაში. მომდევნო დღეს, კი, ანუ 26 ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის საღამოს ცხინვალის იზოლატორიდან 4 ადამიანი განთავისუფლდა.

რუსი მესაზღვრეების მხრიდან ქართული სოფლების ტერიტორიიდან დაკავებების შემთხვევები მუდმივ რეჟიმში მეორდება.

ამერიკის ხმასთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის გამგებელმა დავით ცერცვაძემ ისაუბრა, რომელიც ამბობს: „კირბალში მავთულხლართები არაა გავლებული მაგრამ, ფართობები, რაც ცარიელია, ვითომ იქამდეა ჩვენი სამოქმედო ტერიტორია. ბუჩქები და ტყე რომ იწყება, იმ ადგილებს კი რუსები აკონტროლებენ. აქ ვინც დააკავეს, ტყიდან წაიყვანეს ცხინვალის იზოლატორში. იმ პერიოდში ციხიდან გამოუშვეს ახალგორის მცხოვრები, რომელიც დაუკავშირდა ოჯახს და შეატყობინა ეს ამბავი.“

ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში გამართული გუშინდელი შეხვედრა ერგნეთში საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და საერთო, ქართულ-ოსური სუფრითაც დასრულდა. ოსურ მხარეს ახალი წარმომადგენელი ჰყავს, დავით სანაკოევი, რომელსაც პოლიტიკურ ასპარეზზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. იგი 1976 წელსაა დაბადებული და უკვე მოასწრო გამხდარიყო სამხრეთ ოსეთის ომბუდსმენი, კენჭი ეყარა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად და ემსახურა საგარეო საქმეთა მინისტრად. მის ბიოგრაფიაში საომარ ოპერაციებში მონაწილეობის ეტაპიც არსებობს 2004 და 2008 წლებში. დავით სანაკოევს ქართველი კოლეგები კარგად იცნობენ, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებიდან, რომელზეც ის მუდმივად ესწრებოდა, უკანასკნელი შეხვედრის გამოკლებით. გელა ზოზიაშვილი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ექსპერტია და ერგნეთის შეხვედრების არაერთგზის მონაწილე. ამერიკის ხმასთან ის ამბობს, რომ დავით სანაკოევს ცხინვალიდან იცნობს, რადგან თავადაც ცხინვალელია: „ბატონ დავით სანაკოევს, რა თქმა უნდა ვიცნობ, მეც ცხინვალელი ვარ და ერთ ქალაქში ვიზრდებოდით. თვითონ დათოც ისეთ ასაკში იყო და ისეთ გარემოში იზრდებოდა, რომ მონაწილეობას მიიღებდა ამ 2008 წლის საომარ მოქმედებებში, მე ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ფიზიკურად იქ იყო, თანაც, არ იყო რიგითი პიროვნება. აქედან გამომდინარე, იქნებოდა ჩართული საომარ მოქმედებებში. მას შემდეგ შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა. აქვს გამოცდილება მოლაპარაკებების და დიპლომატიური ურთიერთობის“.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „გადახედეთ რუსეთის ბოლო ათწლეულის, თუნდაც ოცწლეულის საერთაშორისო პოლიტიკას, გადახედეთ მის უსაფრთხოების დოკუმენტებს, რომლებშიც პირდაპირ აქვს მითითებული, რომ ნატოს მის საზღვრებთან გაფართოებას რუსეთი განიხილავს, როგორც ნომერ პირველ საფრთხეს. კრემლს მიაჩნია, რომ თუკი საქართველოს უფრო მეტი ურთიერთოება ექნება ნატოსთან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები გაიზრდება ეს კი მისი აზროვნებით და პოლიტიკური შეფასებით, მისი ანალიზით, გამოიწვევს მისთვის საფრთხეების ზრდას.“

მიუხედავად იმისა, რომ რუსული პოლიტიკა და ინტერესები, რომლებიც ასევე ვრცელდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებთან სრულ ანაქონიზმშია, მოლაპარაკებების პროცესები ჟენევასა და ერგნეთში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ურთიერთობის ამ არხების შენარჩუნება ერთნაირად საინტერესოა როგორც ქართული, ასევე აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარისთვის. გუშინდელი შეხვედრა ერგნეთში საიუბილეო გახლდათ, ის მესამოცე იყო.

XS
SM
MD
LG