ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალდაკვალ


პროკურორი ფატუ ბენსუდა

ჰქონდა თუ არა ადგილი ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს 2008 წელს საქართველოში, ამას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი შეისწავლის. ომიდან 7 წლის შემდეგ ომის დანაშაულის გამოძიება და მისი შედეგების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის არსებობა აქტუალურია. ამ დრომდე, ომის საქმეებზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა წინა სასამართლო პალატას, ნება დართონ დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.

საკითხს პოლიტიკური ელფერი ნამდვილად აქვს, მით უმეტეს უკრაინაში არსებული დაძაბულობის ფონზე.პროკურორის ინიციატივას გამოხმაურებები მოჰყვა რუსეთშიც, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის კომიტეტმა განაცხადა: „რეალობიდან ამგვარად დაშორებული ინტერპრეტაცია მოვლენებისა, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში და მისი ამსახველი დოკუმენტაცია, რაც არსობრივად წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმისთვის ხელის დაფარებას, არგვგონია დადებითად აისახოს სს საერთაშორისო სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდაზე“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს: „2008 წლის აგვისტოდან საქართველომ დავკითხეთ 6000 მოწმე და ჩავატარეთ 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. ბოლო თვეების მანძილზე 1000 მოწმეა დაკითხული მხოლოდ. ესაა ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი, ყველაზე მასშტაბური გამოძიება, რაც საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა. ჩვენ ვაპირებთ, ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურორს“.

პროცედურული თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი უნდა გაეცნოს ყველა იმ მასალას, რაც უკვე არსებობს ომის საქმეების შესახებ. ასევე პირადად, პროკურორის ოფისის გუნდთან ერთად ნახოს ვითარება ადგილზე, რაც იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას გულისხმობს, რასაც საქართველოს სამართალდამცავები ვერ აკონტროლებენ. სავარაუდოა, რომ პრაქტიკა განსხვავებული არ იქნება იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რასაც ადგილი უკვე აქვს ევროკავშირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მიმართებით. საერთაშორისო შეთანხმების მიუხედავად, რუსი მესაზღვრეები მათ არ უშვებენ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამერიკის ხმასთან თამარ აბაზაძემ, საიას იურისტმა ისაუბრა: „თუ გამოძიება დაიწყო ჰააგის სს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა, ის შედეგს დადებს იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც მათ ხელთ ექნებათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მისიის წარმომადგენლები არ შეუშვან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, დე-ფაქტო ხელისუფლების ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება გამოტანილი, რაც ხელთ ექნება პროკურორს. შესაბამისად, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მხარემ მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რაც ხელთ აქვთ. ბოლოს რა ინფორმაცია მიიღო პროკურორის ოფისმა რუსეთის საგამოძიებო ორგანოებიდან, ან მიაწოდა თუ არა რუსულმა მხარემ მათ საერთოდ რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, ამ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ.“

სავარაუდოდ, ჰააგის გამოძიების შედეგები გავლენას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ საქმეებზეც მოახდენს. დღეს სს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი უკვე თბილისშია. იგი განცხადებებს ხვალ გააკეთებს.

XS
SM
MD
LG