ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცი პეკინს სტუმრობს


ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ქვეყნის ლიდერის რანგში, ამ კვირაში პირველად ეწვევა ჩინეთს, იმ ფონზე როცა ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად აგრესიული და ავტორიტარული ჩინეთის პირისპირ სტრატეგიაზე მუშაობს. შოლცის გზავნილებს ყურადღებით დააკვირდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ შოლცი აცხადებს, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ის პირველ ხაზზე სავაჭრო ურთიერთობებს არ დააყენებს, მას ჩინეთში თან ბიზნეს დელეგაცია მიჰყვება. ეს იმ ფონზე, როცა გერმანიაში მიდის დებატები ჩინური ინვესტიციის თაობაზე, კონტეინერების ტერმინალში.

ევროპის უდიდესი ეკონომიკის ლიდერი პარასკევის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს და პრემიერს ლი კეჩიანგს. ჩინეთში კვლავ მკაცრი COVID-19-ის შეზღუდვები მოქმედებს.

გერმანელმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ვიზიტი „საძიებო მოგზაურობაა“, რათა გერმანიის მხარემ შეისწავლოს „სად დგას ჩინეთი, სად მიდის ის და რა სახის თანამშრომლობაა შესაძლებელი ამ კონკრეტულ ჩინეთთან, მიმდინარე გლობალურ ვითარებაში“.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომის და ტაივანის გარშემო არსებული უთანხმოების გამო, პოლიტიკური ურთიერთობები გამწვავდა, ჩინეთსა და გერმანიას შორის, სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა. ჩინეთი უკვე მე-6-ე წელია, რაც გერმანიის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. ის ბერლინის იმპორტის წამყვანი წყაროა და მეორე საექსპორტო დანიშნულებაა ამერიკის შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა კვირას განაცხადა, რომ შიშობს, რომ „შეცდომა, რომელიც გერმანიამ დაუშვა ბოლო წლებში რუსეთთან, შეიძლება განმეორდეს“. ის რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და ენერგოდამოკიდებულების ზრდაზე მიუთითებდა, უკრაინის ომამდე, რის გამოც დღეს გერმანია რთული ვითარების წინაშე დგას. ჩინეთზე საუბრისას მან თქვა: ”ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, - მან განუცხადა ტელევიზიას ARD.

ვიზიტის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა აღნიშნა, რომ პეკინს სჯერა, რომ შოლცის ვიზიტი „ახალ იმპულსს მისცემს“ ორ ქვეყანას შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ განვითარებას „და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას, სტაბილურობასა და ზრდას“.

XS
SM
MD
LG