ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია - 2022


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (მარჯვნივ) შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შეხვედრის წინ, უზბეკეთში. 16 სექტემბერი, 2022 წ.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 48-გვერდიანი დოკუმენტი ასახავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხედვას ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებზე და იმას, თუ როგორ აპირებს თეთრი სახლი მათთან გამკლავებას. დოკუმენტის გამოქვეყნება 2022 წლის თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო, გადაიდო.

ამერიკის კონგრესის მანდატით გამოცემული დოქტრინა ერთდროულად იდეოლოგიურიც არის და პრაგმატულიც. მასში მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად დასახელებულია ჩინეთი და რუსეთი. უსაფრთხოების სტრატეგია აჩვენებს "ავტოკრატიულ და დემოკრატიულ" სახელმწიფოთა მსოფლმხედველობას შორის ბრძოლაში, ბაიდენის ადმინისტრაციის სანავიგაციო გზებს; ყველა ტიპის ქვეყანასთან მუშაობის სურვილს; პანდემიის, კლიმატური ცვლილებების, ინფლაციის და სხვა გლობალური საფრთხეების დაძლევის მცდელობას.

უსაფრთხოების სტრატეგიის ახალი დოკუმენტის მიხედვით, პრეზიდენტი ბაიდენი თვლის, რომ ამერიკა ახლა "გადამწყვეტ დეკადაში" იმყოფება. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხედვით, შესაძლებლობათა ფანჯარა დღეს ძალიან ვიწროა, თუმცა საერთო ეროვნული გამოწვევების დაძლევა და ამერიკული ინტერესების დაწინაურება უკეთესი მომავლის მისაღწევად, ჯერ მაინც შესაძლებელია, თუნდაც ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეების მოცემულობაში.

"შეერთებული შტატები წინ გაუძღვება ჩვენი ფასეულობების დაცვით და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორების ხელშეწყობით, ასევე ყველასთან ერთად, ვინც ჩვენს ინტერესებს იზიარებს" - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი დოკუმენტის შესავალ ნაწილში. მისი თქმით, "მაშინ, როცა მსოფლიო ცდილობს პანდემიის და გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის შედეგებში ნავიგაციას, არ არსებობს სხვა ერი, რომელსაც საკუთარი ძლიერებით თუ მიზანდასახულობით, წინამძღოლობისთვის უკეთესი პოზიცია უჭირავს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს".

დასახული მიზნების მისაღწევად, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი აერთიანებს 3 გეგმას, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გაჰყვება: 1. უნდა ჩაიდოს ინვესტიციები ადგილობრივ ინდუსტრიაში, ინოვაციაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და დემოკრატიის განვითარებაში; 2. უნდა მოხდეს ალიანსების და კოალიციების მობილიზაცია, რათა გაძლიერდეს კოლექტიური გავლენა და სამომავლო განვითარების კანონების ფორმაცია; 3. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მოდერნიზაცია და განმტკიცება.

XS
SM
MD
LG