ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვას მიიღებს


თავდაცვის მინისტერიალი ნატოს სათაო ოფისში. ბრიუსელი, 12 ოქტომბერი, 2022.

უკრაინა მოკავშირებისგან ახალ საჰაერო თავდაცვას მიიღებს. ამის შესახებ, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. მოკავშირეები ამბობენ, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა, მოკავშირეები კიდევ უფრო გააერთიანა.

ნატოში გამართული 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის შეხვედრა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გახსნა. ოსტინმა დაგმო მთელი უკრაინის მასშტაბით, „არასამხედრო დანიშნულების სამიზნეებზე“ რუსეთის თავდასხმა.

„მთელმა მსოფლიომ ახლახან იხილა პუტინის არჩეული ომის ბოროტება და სისასტიკე. მაგრამ რუსეთის უახლესმა თავდასხმებმა, მხოლოდ გააღრმავა უკრაინელი ხალხის მონდომება და კიდევ უფრო გააერთიანა კეთილგანწყობილი ქვეყნები, დედამიწის ყველა რეგიონიდან“, - განუცხადა შეკრებილებს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.

ნატოს გენერალური მდივანი, ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალების რამდენიმეკვირიანი წარმატების შემდეგ, რუსეთის სარაკეტო თავდახმებს სისუსტის ნიშნად მიიჩნევს.

„რეალობა ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ ბრძოლის ველზე დაწინაურება. რუსეთი რეალურად ბრძოლის ველზე აგებს. უკრაინა მნიშვნელოვან მიღწევებს აგრძელებს, რუსეთი კი სულ უფრო ხშირად მიმართავს საშინელ და განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

გარდა ამისა, გერმანიამ განაცხადა, რომ ოთხიდან ერთი “IRIS-T” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე უკრაინაშია. „სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, - აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი.

ბრიუსელში დღეს გამართული შეხვედრა პირველი მასშტაბური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონის ფომალური ანექსია და ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და გაიმეორა ბირთვული მუქარა. რუსეთის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ამ ნაბიჯებს ალიანსი 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის კიდევ უფრო მეტ ესკალაციად აფასებს.

ერთიანი პასუხი

11 ოქტომბერს ნატომ მოსკოვი გააფრთხილა, რომ მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, ამ მოკავშირეების „ერთიანი და მტკიცე“ პასუხი მოჰყვება.

სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და თქვა, რომ ნატომ უკვე გააორმაგა თავისი წარმომადგენლობა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში 30-ზე მეტ ხომალდზე, რომელთაც საჰაერო და წყალქვეშა აქტივობების მხარდაჭერა აქვს.

ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ სიტყვით გამოსვლისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალიანსს არ უნახავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოზიციებში, ნატო ფხიზლად იყო და მომავალ კვირას გააგრძელებს ბირთვული მზადყოფნისთვის წვრთნებს. სტოლტენბერგი გულისხმობდა წვრთნას "Steadfast Noon", რომელშიც ნატოს საჰაერო ძალები პრაქტიკაში იყენებენ ევროპაში განლაგებული შეერთებული შტატების ბირთვული ბომბების გამოყენებას სასწავლო ფრენებით, ცოცხალი იარაღის გარეშე.

„ეს არის წვრთნები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი ბირთვული შეკავება დარჩეს უსაფრთხო და ეფექტური“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და თქვა, რომ ნატოს სამხედრო ძალა საუკეთესო საშუალებაა დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

10 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა. რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და კიევისთვის გაწეული დახმარების გამო, დასავლეთს ესკალაციაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG