ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომისტების აზრით ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მღელვარება გაზვიადებულია


საინვესტიციო ფირმა "ავალონ პარტნერსის" მთავარი ეკონომისტი პიტერ კარდილო
საინვესტიციო ფირმა "ავალონ პარტნერსის" მთავარი ეკონომისტი პიტერ კარდილო

გუშინ ზოგიერთი კომპანიის უარყოფითი საშემოსავლო ანგარიშებით გამოწვეული ინვესტორების პესიმიზმის მიუხედავად დაუ ჯონსის ინდექსი ნახევარი პროცენტით გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საფონდო ბირჟის გახსნამდე, ზოგიერთი კომპანიის უარყოფითი საშემოსავლო ანგარიშების გამოქვეყნების გამო დაუ ჯონსის ინდუსტრიული საქმიანობის საშუალო მაჩვენებელი 140 პუნქტით შემცირდა, სამუშაო დღის ბოლომდე დაუ ჯონსის ინდექსი ნახევარი პროცენტით გაიზარდა. უოლ სტრითის ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები შეერთებული შტატებისა და გლობალური ეკონომიკის ნელი გამოცოცხლებით გამოწვეულ გაზვიადებულ მღელვარებას ასახავს.

გუშინ საფონდო ბირჟის გახსნამდე ინვესტორებს შორის პესიმიზმი შეინიშნებოდა. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშში აღნიშნული იყო ის, რომ ივნისში ახალი სახლების მშენებლობა რვა თვის მანძილზე ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა, რამაც საერთო მღელვარება კიდევ უფრო გაზარდა.

მაგრამ დღის განმავლობაში სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა.

საინვესტიციო კომპანია „ავალონ პარტნერსის“ მთავარმა ეკონომისტმა პიტერ კარდილომ აღნიშნა, რომ საფონდო ბირჟის მერყეობა ზოგადი გაურკვევლობით იყო განპირობებული. მისი თქმით:

„ბაზარი აქცენტირებულია მხოლოდ ერთ გარემოებაზე და ეს გახლავთ ის, რომ ეკონომიკური განვითარება შენელდა. ახლა უმთავრესი კითხვაა, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს სამომავლო შემოსავლებისთვის.“

მიუხედავად, მისი თქმით, რეცესიის გაზვიადებული შიშისა, კარდილოს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში 2.5-3 პროცენტით გაიზრდება.

აი რა განაცხადა მან ევროპაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით:

„ევროკავშირი ამის გამო არ დაიშლება. არ მგონია, რომ ევროს საფრთხე ემუქრება. რასაკვირველია შეინიშნება გარკვეული სირთულეები, მაგრამ ეს მოკლევადიანი პრობლემებია და მათ ბაზარი აზვიადებს.“

მიუხედავად იმისა, რომ გამოიკვეთა ახალი სიმპტომები იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა შენელდა, კარდილო აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა ძირითადად ნორმალურად ვითარდება.

მაგრამ მისი თქმით, ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსურ ფრონტზე ყველაფერი რიგზეა. ეკონომისტს აღელვებს ის თუ რა გავლენას მოახდენს შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული ფინანსური სექტორის რეფორმის კანონმდებლობა მსხვილ საინვესტიციო ფირმებზე. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხსენებულ კანონმდებლობას დღეს უნდა მოაწეროს ხელი.

XS
SM
MD
LG