ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდება, თუ ჩინეთის ეკონომიკა აღარ განვითარდება?


ჩინეთის ეკონომიკა აზიის რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი აღარ იქნება.

ჩინეთის მთავრობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შეიძლება საგანგებო ზომების მიღება მოუხდეს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. ეს შეიძლება ოდნავ უცნაურადაც ჟღერდეს რადგან ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი იყო მთელს აზიის რეგიონში. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლეს კარპენტერი იუწყება, ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტემპი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შენელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აღარ იქნება ყველაზე სწრაფად განვითარებადი აზიის რეგიონში.

სინგაპურის ეკონომიკურმა განვითარებამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეკორდულ 18.1 პროცენტს მიაღწია, რის შედეგადაც ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ შეიძლება ჩინეთს გაუსწროს და აზიაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გახდეს. მაგრამ სინგაპურის ეკონომიკური ზრდის ფონზე ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტემპმა შენელება დაიწყო. როგორც მოსალოდნელია, ეს ვარაუდი გამართლდება, როცა ჩინეთის ფინანსთა სამინისტრო გამოაქვეყნებს წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკურ შეფასებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 11.9 პროცენტს შეადგენდა. მაგრამ, პეკინში მდებარე ფირმა „ჩაინა ანალიტიკსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უილიამ ჰესმა, საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგ ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობის მცდელობამ ეკონომიკურ ზრდაზე კონტროლის დაწესების მიზნით მეორე კვარტლის მთლიან შიდა პროდუქტზე გავლენა მოახდინა.

„კრედიტის გაცემაზე კონტროლის დაწესებამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო. ამჟამად ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 10.7 პროცენტს შეადგენს, მაგრამ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი ალბათ 10.2 ან 10.5 პროცენტამდე შემცირდება. ამდენად 2011 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი იქნება გარკვეული მერყეობა, რაც საკრედიტო პოლიტიკის შედეგი იქნება,“ აღნიშნა ჰესმა.

სტეფან როუჩი საერთაშორისო საფინანსო ფირმა „მორგან სტენლის“ აზიის განყოფილებას თავჯდომარეობს. საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგ ნიუსთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების შენელება გასაკვირი როდია. მისი თქმით, წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური განივთარების ტემპის შენარჩუნება უბრალოდ არარეალისტური იქნება. ამასთან დაკავშირებით როუჩმა აღნიშნა:

„მათ მოუხდებათ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც, ერთის მხრივ, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის განმტკიცებას შეუწყობს ხელს რათა მოსახლეობაში შემცირდეს ჭარბი დანაზოგები. ხოლო, მეორეს მხრივ, აუცილებელია სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერა. მესამე კი ის გახლავთ, რომ საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა დღემდე განუვითარებელ მომსახურეობის სექტორში. თუ ისინი ამ პრიორიტეტებით ისარგებლებენ, მაშინ ეკონომიკური განვითარება ნამდვილად მდგრადი იქნება.“

ეკონომიკური განვითარების შენელება ნაწილობრივ განპირობებულია უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნითა და დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური პრობლემებით, რის გამოც ჩინეთის ექსპორტზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებამ შეიძლება აიძულოს ჩინეთის მთავრობა მიიღოს მასტიმულირებელი ეკონომიკური ზომები მიმდინარე წლის მიწურულს. უილიამ ჰესი აღნიშნავს, რომ ხსენებული ზომების მიღება შეიძლება გარდაუვალი იყოს, მაგრამ ჩინეთის მთავრობა ამ საკითხს დიდი სიფრთხილით მოეკიდება.

„მე ვფიქრობ, რომ მასტიმულირებელი ზომების მთავარი მიზანი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილიზაცია. ამდენად ისინი ამ საკითხს ალბათ დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან და სწრაფად ზომების მიღებას თავს აარიდებენ. ამას ისიც ემატება, რომ გლობალურ ასპარეზზე ჯერ-ჯერობით გაურკვევლობა სუფევს და მათ არ იციან თუ რა გავლენას მოახდენს ყოველივე ეს ჩინეთის ეკონომიკაზე წლის მეორე ნახევარში და მომავალი წლის დასაწყისში,“ აღნიშნა უილიამ ჰესმა.

სტეფან როუჩს კი მიაჩნია, რომ გლობალურ ეკონომიკაში არასტაბილურობის ფონზე ჩინეთის მთავრობამ ძველი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაზე უარი უნდა თქვას. როუჩი დასძენს:

„მსოფლიო განიცდის სამომხმარებლო შოკს, განსაკუთრებით განვითარებულ სამყაროში, ევროპისა და შეერთებული შტატების ჩათვლით. ამდენად თუ ჩინეთი ეკონომიკური განვითარების ძველ მოდელს მიჰყვება და ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და მთლიან შიდა პროდუქტს მხოლოდ გარე მოთხოვნას დაუკავშირებს, მაშინ ამგვარი მიდგომა წარუმატებელი იქნება. ეს კი ძალზედ პრობლემატური იქნება ჩინეთისთვის.“

ჩინეთის მთავრობამ აგრეთვე უნდა გამოაქვეყნოს სამომხმარებლო ფასები, რაც ბევრი დამკივრებლის აზრით, ამ ბოლო დროს დაახლოებით სამი პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსების ვარაუდით ჩინეთში სამრეწველო პროდუქციის წარმოება ივნისში შენელდა.

XS
SM
MD
LG