ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის სასამართლო ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციაზე იმსჯელებს


ამ კვირაში ბრიტანეთის სასამართლო გადაწყვეტს დათანხმდეს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის მოთხოვნას. მას ბრალად მონაცემთა ბაზაზე ჰაკერული თავდასხმა და მასალების მოპარვა ედება. ორდღიანი მოსმენა ოთხშაბათს ლონდონის უმაღლეს სასამართლოში დაიწყო.

ამერიკელმა პროკურორებმა ბრიტანეთის საუბნო სასამართლოს მიერ იანვარში გამოტანილი ვერდიქტი გაასაჩივრეს. ამ ვერდიქტის თანახმად, ასანჟი ამერიკული მხარისთვის არ უნდა გადაეცათ, რადგან არსებობდა რისკი, რომ პატიმარი შეერთებული შტატების მაქსიმალური უსაფრთხოების, უმკაცრეს ციხეში თავს მოიკლავდა.

ადვოკატი ნიკ ვამოსი, ბრიტანეთის პროკურატურის ექსტრადიციის სამსახურის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ამერიკის მთავრობამ ამჯერად კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ, რა პირობებში იქნება პატიმარი ასანჟი შეერთებულ შტატებში. "მისი სამედიცინო მდგომარეობა და სუიციდის რისკი არ შეცვლილა, შესაბამისად, როგორც ჩანს ამერიკული მხარე ცდილობს მოერგოს იმ განმარტებას, რაც პირველ ეტაპზე მოსამართლემ გააკეთა", - ამბობს ვამოსი.

გარდა ამისა, იანვრის შემდეგ საქმეზე სხვა გარემოებებმაც იმოქმედა. სიგურდურ თორდარსონი, "ვიკილიქსის" ყოფილი წარმომადგენელი, რომელმაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს შიდა ინფორმაცია მიაწოდა, ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გამოყენებული მტკიცებულებები მან თავად გააყალბა.

გასულ თვეში კი "იაჰუ ნიუსმა" გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2017 წელს დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ასანჟის მოტაცებასა და შესაძლოა მოკვლასაც კი გეგმავდა მაშინ, როდესაც მან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში თავშესაფარი მოითხოვა. "იაჰუს" სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მასალა ამერიკული დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების 30 თანამშრომელთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნებოდა.

2010-2011 წლებში ასანჟი "ვიკილიქსის" მიერ ათობით ათასი დოკუმენტის - დიპლომატიური თუ სამხედრო დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნებას ხელმძღვანელობდა. მასალები ერაყსა და ავღანეთში ომს შეეხებოდა. ასანჟი ამბობდა, რომ ეს მასალები ამერიკულ ჯარში არსებულ დარღვევებს ააშკარავებდა. შვედეთში მას გაუპატიურებაში დასდეს ბრალი, თუმცა შემდეგ საქმე დაიხურა. ამ დროს ასანჟმა თავი ლონდონში ეკვადორის საელჩოს შეაფარა და 2012 წლიდან 2019 წლამდე სწორედ მის შენობაში ცხოვრობდა. 2 წლის წინ აპრილში კი ეკვადორმა უფლება მისცა ბრიტანულ პოლიციას, რომ ის დაეკავებინათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG