ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხურჩა–ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, დაახლოებით, 150 მეტრით შეწიეს.

ადგილი, სადაც ეს შემთხვევა დაფიქსირდა ხრიოკი ტერიტორიაა, ამის შესახებ „ამერიკის ხმამ“ არაოფიციალურად შეიტყო. ერთადერთი ახსნა, რასაც ფაქტთან დაკავშირებით მივაგენით, ასევე არაოფიციალურია და მდგომარეობს შემდეგში: რუსი სამხედროები აქამდეც აცხადებდნენ, რომ საბჭოთა რუკების მიხედვით ახორციელებდნენ დემარკაციას. ახლანდელი მანევრით კი მათ სურთ აჩვენონ, რომ არა მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში ახდენენ ხაზების გავლებას, კორექციის მიზნით, არამედ მათ მიერ დაშვებულ "უზუსტობებსაც“ ასწორებენ და თუკი „ადრე არასწორად გაავლეს“ მავთულხლართი, ახლა „შეცდომას გამოასწორებენ“. მათი მესიჯი ასეთია: „საბჭოთა რუკებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა“ და არა ტეროტორიის მიტაცება.

მართალია ამჯერად უფრო მეტი მიწა არ აღმოჩნდა ოკუპაციის ქვეშ, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ დემარკაცია მაინც ეგრეთ წოდებულ დემარკაციად რჩება ქართული მხარისთვის და ის ოკუპაციის პროცესი და საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.

საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი პოზიცია ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით. სხვადასხვა უწყებას ეს პროცესი სხვადასხვაგვარად ესმის.
ლევან კახიშვილი, მკვლევარი

„სოფელ ხურჩის მიმდებარე საოკუპაციო ზოლზე ბორდერიზაციის პირველადი ფაქტები, ჯერ კიდევ, 2017 წლის აპრილში დაფიქსირდა. მომდევნო ტალღა იყო აგვისტოში, ხოლო დეკემბრის თვეში მოხდა ამ უკანონო ინსტალაციების სიღრმეში შეწევა საოკუპაციო ზოლზე. თუმცა, პრობლემის არსი არის, ზოგადად, უკანონო ბორდერიზაციაში, უკანონო ინსტალაციებში, რომელიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნის საოკუპაციო ზოლზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის“, ამბობს კახა ქემოკლიძე, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გალში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ხურჩაში საზღვრის გადაწევის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ ზუგდიდში არა მხოლოდ ოფიციალური უწყებები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. აი, რას ამბობს ჩვენთან საუბრისას ორგანიზაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი ნანა გოგოხია: „მე პირადად, დაახლოებითაც არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება. არ ვიცით, რას უკავშირდება ეს ყველაფერი და სიმართლეს შეეფერება, თუ არა.“

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ ორიოდე კვირის წინ კვლევა წარმოადგინა, რაც სწორედ ბორდერიზაციის საკითხს და მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ეხებოდა. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი პოზიცია ბორდერიზაციის საკითხის შესახებ, რაც ართულებს საქართველოს ჯეროვან პოზიციონირებას კონფლიქტების თემატიკაზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

„საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი პოზიცია ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით. მაგალითად იმის შესახებ, თუ რატომ და როდის ხდება ბორდერიაზაციის ინციდენტები, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა უწყებას ეს პროცესი სხვადასხვაგვარად ესმის. განსხვავებულია უწყებებს შორის მიდგომა იმის თაობაზეც, თუ რა დროს ხდება ის? არის უწყებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ პროცესს ლოგიკა არ აქვს, შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, ან ფინანსებზე, ან სხვა რამეზე: არ ვიცით რა ხასიათზე გაიღვიძებს პუტინი ან რუსი გენერალი“, ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ლევან კახიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

კახიშვილის თქმით, ზოგიერთ უწყებაში სჯერათ, რომ ბორდერიზაცია დამოკიდებულია საქართველოს მიღწევებზე ევრო –ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით:

„ან აბაშიძე–კარასინის შეხვედრების წინ ან შემდგომ ხდება ინციდენტები, რომ რუსეთმა მიანიშნოს, ვინაა მთავარი რეგიონში. ამ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები უწყებებს შორის, ხელს უშლის ხელისუფლების კოორდინირებას და იმას, რომ უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდეს ერთის მხრივ შიდა აუდიტორიასთან – საკუთარ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ-პარტნიორ ქვეყნებთან, ვინც გვეხმარება მთელ ამ პროცესებში.“

ორიოდე დღის წინ ხურჩაში მომხდარი ინციდენტი ზემოთხსენებული კვლევისას წარმოჩენილ პრობლემატიკას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ხელისუფლებას გამოწვევის დანახვისა და მასზე ადექვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG