ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორდერიზაცია აფხაზეთის მიმართულებით


ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გადაადგილება აფხაზეთის მიმართულებითაც დაიწყო. ხუთშაბათს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან და შამგონასთან მავთულხლართები გაჩნდა იქ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა. დაახლოებით 4 ჰექტარ მიწის ფართობზე, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობდა, წვდომა დაიკარგა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რუსმა მესაზღვრეებმა ამ ტერიტორიაზე ხის ბოძები მიმდინარე წლის აპრილში დაამონტაჟეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ აქ გადაადგილებას ისინი ვერ ახერხებდნენ შიშის გამო, მაგრამ რაკი პროცესი რამდენიმე თვე შეჩერდა, რასაც ხელისუფლება წარმატებული დიპლომატიით ხსნის, უკვე ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ამ მიწებით სარგებლობა, თუმცა ეს იმედი ხუთშაბათს გაქარწყლდა, როდესაც ბოძები ერთმანეთს უკვე მავთულხლართებით დაუკავშირდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს:

„ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაეროს წევრმა ქვეყნებმა, მუდმივი მისიის წარმომადგენლებმა, ასევე ელჩი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში და ზუსტად ეს ბორდერიზაციის საკითხები იყო მიტანილი გაეროს წევრ ქვეყნებამდე. ამ მიმართულებით, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი საქმიანობა, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ინციდენტების პრევენციის მექნიზმის ფორმატშიც ეს იქნება დღის წესრიგის ერთ–ერთი უმთავრესი და მწვავე საკითხი.“

საოკუპაციო ძალები ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის სამუშაოებს ახლა უკვე ორივე მიმართულებით აწარმოებენ: აფხაზეთშიც და ცხინვალის მხარესაც. თუ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ისინი საბჭოთა გენშტაბის 1984 წლის რუკას ეყრდნობიან (ალტერნატიული ვარიანტია გენშტაბის 1987 წლის რუკა (1989 წლის რედაქციით), აფხაზეთის მიმართულებით გალის საბჭოური საზღვრების შემოფარგვლას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივებისგან ვიღებთ, შესაბამისად ის ოფიციალურად დადასტურებული არაა. ამერიკის ხმა ხურჩის მაცხოვრებელ ჯამბულ ეხვაიას ესაუბრა, რომელმაც წელიწად ნახევრის წინ საკუთარ თხილის ბაღზე წვდომა დაკარგა: „ახლა ამას სისტემატური ხასიათი აქვს: თანდათანობით შემოდიან და შემოდიან. არ ვიცი, რომელ რუკას ეყრდნობიან. საბჭოთა პერიოდში, 90–იან წლებში მოხდა ახალი დემარკაცია. მაშინ ამას რუსი სპეციალისტები აკეთებდნენ და ხელისუფლებას რომ ვკითხეთ, გვითხრეს, საზღვრები გასწორდა, გალის რაიონს გადაეცა გარკვეული ფართობი და იქიდან ჩვენ გადმოგვეცა გარკვეული ფართობიო. მაგრამ იქიდან გადმოცემული ჩვენ არაფერი გვინახავს და აქეთ წართმეული კი დღესაც სახეზეა, საყანე ფართობი წაართვეს აგერ.“

ხურჩის გამგებელი ბადრი ხუნჯგურია ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „ორი თვის უკან, ბოძები რომ ჩაარჭვეს, არხიდან გადმოვიდგენენ აქეთ, დაახლოებით 150 მეტრის სიღრმეში. გუშინ გააბეს ამ ბოძებზე მავთულხლართები. ორი თვის წინ, ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ჩაერივნენ საქმეში, შეაჩერეს პროცესი, გუშინდელ დღემდე არაფერი ხდებოდა. იმასაც კი ამბობდა ხალხი, რუსებმა ხომ არ გადაიფიქრეს და ხომ არ დავიწყოთ მიწის დამუშავებაო. გუშინ კიდევ იმ ბოძებზე მავთულხლართები გაავლეს და ახლა ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია: ბორდერიზაციას აქვს ადგილი. ხურჩის მიმართულებით ასეთი ამბავი პირველია, აქამდე მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.“

ამ დროს კი ხელისუფლება საქართველოში ჩართულია პოლემიკაში იმის შესახებ, სწორია თუ არა ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“. რუსული პროპაგანდა კი აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ერთ–ერთ თოქ–შოუში, რომელიც რუსეთის პირველი არხით გადაიცა, თავგანწირვით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რის დამამტკიცებელ საბუთადაც მათ ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, სააკაშვილის თანაგუნდელისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ანალოგიური შინაარსის განცხადება მოჰყავდათ. თავად ბურჯანაძე ამჯერად აფხაზებთან და ოსებთან მომლაპარაკებლის ამპლუის მორგებას ცდილობს და ამის შესახებ აკეთებს განცხადებებს.

ახლად დამონტაჟებული მავთულხლართები ხურჩა–ნაბაკევის გამშვები პუნქტიდან, სადაც გიგა ოთხოზორიას საზარელი მკვლელობა მოხდა გასული წლის მაისში, დაახლოებით 2,5–3 კილომეტრითაა დაშორებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG