ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანკოფი: საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს


"ამერიკის ხმა" ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის ანალიტიკოსს, ევრაზიისა და რუსეთის პროგრამის დირექტორის მოადგილეს ჯეფრი მანკოფს ესაუბრა. მანკოფმა, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომიდნან მეცხრე წლისთავზე არსებული მდგომარეობა და ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი ვიზიტი მიმოიხილა აფხაზეთში:

ამერიკის ხმა: აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ცოტა ხნის წინ საქართველოში, ესტონეთსა და მონტენეგროში იმოგზაურა. თქვენი აზრით, რა იყო მისი უმთავრესი გზავნილი საქართველოში?

ჯეფრი მანკოფი: ჩემი აზრით, ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივან მატისთან ერთად, უმთავრესი პირი ხდება, ვინც ევროპის აღმოსავლეთში მოკავშირეების დამშვიდებას ცდილობს. ხსენებული ვიზიტისას მისი მთავარი ამოცანა იყო, დაერწმუნებინა საქართველო, ესტონეთი და მონტენეგრო, რომ აშშ მათ მხარს უჭერს და მზადაა, ამ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევაში დაეხმაროს. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა წონა აქვს მაიკ პენსის, ან სხვათა ხმას მაშინ, როცა აშშ-ს აღმოსავლეთი ევროპის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს არც მე და ალბათ არც სხვებს. მიუხედვად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები იმედისმოცემია, სანამ პრეზიდენტიც იმავეს არ იტყვის, ბუნებრივია, იარსებებს გარკვეული მღელვარება რეგიონის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის საკითხზე თავად ამ ქვეყნებში.

ამერიკის ხმა: როგორ იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები სამხრეთ კავკასიაზე?

ჯეფრი მანკოფი: მიმაჩნია, რომ სანქციების ამოქმედებაზე რუსეთი ამერიკას ორმხრივ ფორმატში უპასუხებს, განსაკუთრებით კი იქიდან გამომდინარე, რომ კრემლში ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მოლოდინი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების, ყველაფერი სხვა, კი რაც ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ესკალაციას წააგავს-ამ ურთიერთობების დალაგებას გაართულებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვი სადმე, მაგალითად სამხრეთ კავკასიაში, მოქმედებისაგან თავს შეიკავებს, თუმცა ამგვარი ქმედება მაინც და მაინც ვაშინგტონის გადაწყვეტილებებით განპირობებული არ იქნება.

ამერიკის ხმა: მომდევნო სამშაბათს პრეზიდენტი პუტინი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. რაზე მეტყველებს მისი ეს ნაბიჯი? ზოგადად, როგორ აფასებთ რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?

საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს და მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს კვო საბოლოო არ არის

ჯეფრი მანკოფი: პუტინის ვიზიტი ბოლო წლების რუსული ქმედებების გაგრძელებაა. კრემლს აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნება აინტერესებს. სამხრეთ ოსეთში ეს პროცესი უფრო შორს არის წასული, აფხაზეთში კრემლისთვის შედარებით რთულია წნეხის შენარჩუნება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ყირიმის მსგავსი პირდაპირი ანექსია-ის, რამაც მოსკოვს სანქციები მოუტანა- კრემლს გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთზე პირდაპირი გავლენის და დე-ფაქტო კონტროლის შენარჩუნება სურს.

ამერიკის ხმა: რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საზღვრების რეგულარული დემარკაცია არის თუ არა, თქვენი აზრით, მცოცავი ოკუპაცია?

ჯეფრი მანკოფი: ნამდვილად. საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს და მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს კვო საბოლოო არ არის და რომ გრძელვადიან შედეგს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები განსაზღვრავს.

ამერიკის ხმა: 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომიდან ცხრა წელი სრულდება. თქვენი აზრით, რა უნდა ექნათ შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მაშინ, რათა რუსეთი უკრაინაში აღარ შეჭრილიყო? ან როგორ უნდა დაეხმაროს ის საქართველოს რუსული აგრესიის დასრულებაში?

ჯეფრი მანკოფი: 2008 წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოქმედებები მკაცრად დაგმო, მაგრამ აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ვფიქრობ, აშშ-ს დიდი არჩევანი არც ჰქონდა. რუსეთმა ომი ძალიან სწრაფად, ხუთ დღეში დაამთავრა. ბევრი კრიტიკა ისმოდა ბუშისა და ობამას ადმინისტრაციათა მიმართ, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას შეეცადნენ ისე, რომ საქართველოში განვითარებული მდგომარეობა არ გაითვალისწინეს. მაგრამ მე მათ არ ვამტყუვნებ, რადგან ბევრი არჩევანი არც ჰქონდათ. რუსეთმა კი, ნახა რა, რომ საქართველოსთან ომისთვის სანქციები არ დაუწესდა, უკრაინაში უფრო მასშტაბური ოპერაცია წამოიწყო. საბოლოოდ, სწორედ უკრაინის კონფლიქტმა შეცვალა აშშ-რუსეთისა და ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები ისე, როგორც ეს საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ვერ მოხდა.

ამერიკის ხმა: რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის

ბრიუსელში ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული ენთუზიაზმი განელებულია. ეს ის რეალობაა, რომლისთვის თვალის გასწორება საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებს კიდევ კარგა ხანს მოუწევთ.

პირობებში ცხოვრობს, რა არგუმენტები გაქვთ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების სასარგებლოდ, ან მის წინააღმდეგ?

ჯეფრი მანკოფი: არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა მესმის რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველოსთვის იარაღის მიწოდება ზოგადი პოლიტიკისა და გათვლების ნაწილი უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის კონგრესმა განაახლა მსჯელობა უკრაინისთვის მომაკვდინებელი თავდაცვითი იარაღის მიწოდების თემაზე. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კონფლიქტის დაბალ ინტენსივობას, უკრაინის იარაღით აღჭურვა გადამწყვეტ შედეგს ვერ მოგვცემს. თუმცა კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში ეს ვარიანტი უნდა განვიხილოთ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.

ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს?

ჯეფრი მანკოფი: ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც ევროპაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს შეეფერება. ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილია. საქართველოს მთავრობა ევროპასთან დასაახლოებლად რეფორმებს განაგრძობს. ამავე დროს, ბრიუსელში ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული ენთუზიაზმი განელებულია. ეს ის რეალობაა, რომლისთვის თვალის გასწორება საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებს კიდევ კარგა ხანს მოუწევთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG