ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ღაზაში აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს


საჰაერო იერიშების შემდეგ ღაზის სექტორის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს. აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერის პირობა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დადო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიდო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ღაზის სექტორში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარების მათთვის მიწოდება არ მოხდება.

ბლინკენმა ეს განცხადებები იერუსალიმში ყოფნის დროს გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიანმინ ნეთანიაჰუს.

"ძალადობა თავიდან უნდა ავიცილოთ და გამოვიყენოთ სივრცე შექმნილი პრობლემებისა და გამოწვევების გადასაჭრელად. ეს კი იწყება ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოგვარებით და აღდგენის დაწყებით. ამასთან ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ჰამასმა არ ისარგებლოს ამ დახმარებით," - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენი რეგიონში მას შემდეგ ჩავიდა, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელსა და პალესტინელებს შორის საჰაერო იერიში მიმდინარეობდა. ეს ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დაპირისპირება იყო. დაბომბვების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა იერიშების დროს ჰამასის ძირითადი ნაგებობების ნაწილი სრულად გაანადგურა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG