ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლი არ წყდება


ისრაელსა და პალესტინელთა შორის შეტაკებები გრძელდება. ორშაბათს, პალესტინელები ღაზის სექტორიდან თითქმის მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ისროდნენ რაკეტებს. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა კი სამშაბათს საჰაერო იერიშები განაახლა.

პალესტინური მხარის თქმით, ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედრო საჰაერო იერიშს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი, ხოლო დაშავებულია 122 ადამიანი. ისრაელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ სამოქალაქო პირები "ღაზაში" "ჰამასის" მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტების ჩამოვარდნას შეეწირნენ.

ისრაელის შეიარაღებული ძალების პრეს-სპიკერის თქმით, მოკლულია "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 15-მდე წარმომადგენელი. თავდასხმის სამიზნე კი დაჯგუფება "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ასობით პუნქტი იყო.

ისრაელმა განაცხადა, რომ მოახერხა რაკეტების 90 პროცენტის ჩამოგდება, თუმცა თავდასხმებს, გადაუდებელი დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ აშკელონში ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი რაკეტა სკოლას მოხვდა. ისრაელი ამბობს, რომ დაშავებულია 30 ადამიანი. მონაცემების დამოუკიდებელი გადამოწმება ვერ ხერხდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თქმით, რაკეტების გამოყენებით "ჰამასმა" "წითელი ხაზები" გადაკვეთა. ეს 2014 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც დაჯგუფებამ იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა.

"ჰამასმა" რაკეტები საღამოს 6 საათის შემდეგ რამდენიმე წუთში ისროლა. ეს მათ მიერ ისრაელისთვის დაწესებული დრო იყო, რა დრომდეც ამ უკანასკნელს იერუსალიმის ძველი ქალაქის ნაწილში მდებარე ალ-ასქას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხოების ძალები უნდა გაეყვანა.

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის სიახლოვეს, პალესტინელ მლოცველებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება ორშაბათს მოხდა. თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა მეჩეთში ცრემლსადენი გაზი შეუშვეს და გამაყრუებელი ყუმბარები ისროლეს, მლოცველებმა კი ისრაელის ძალებს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა, მათ შორის - 228 ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა შეშფოთებულია ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშით და რომ ეს "დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს". მან მხარეებს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG