ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი რუსეთში ამერიკელი კალათბურთელის კოლონიაში გადაყვანას ეხმაურება


ბრიტნი გრინერი
ბრიტნი გრინერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი განცხადებას აკეთებს ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის მოსკოვთან მდებარე იზოლატორიდან კოლონიაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ენტონი ბლინკენის თქმით, მისი და ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის, პოლ უილანის შინ დაბრუნებისთვის მუშაობა გრძელდება.

"ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ შრომას მათ შინ დასაბრუნებლად. მე და ბევრი სხვა ადამიანი [სახელმწიფო] დეპარტამენტში ამაზე ვართ ფოკუსირებულები. ჩვენ ვერ მოვისვენებთ, ვიდრე ისინი მათ საყვარელ ადამიანებთან ერთად არ იქნებიან", - თქვა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 9 ნოემბერს გავრცელდა.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით პატიმრობა შეუფარდა, იზოლატორიდან პროვინციულ კოლონიაში გადაიყვანეს. საქმეზე მომუშავე ადვოკატების, მარია ბლაგოვოლინაიას და ალექსანდრ ბოიკოვის ცნობით, ჯერჯერობით მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

32 წლის ყოფილი ამერიკელი ოლიმპიელი ბოლოს რუსეთის ქ. ეკატერინბურგის ქალთა ნაკრებში თამაშობდა. ის ამ წლის თებერვალში შერემეტიევოს აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის მიზეზით დააკავეს. გრინერის დაცვის განცხადებით, ჩასასუნთქ საშუალებას კალათბურთელი სამკურნალოდ იყენებდა. ნივთიერება კანონიერად იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ რუსეთში აკრძალულია.

აგვისტოში სასამართლომ ამერიკელი კალათბურთელი ნარკოტიკების კონტრაბანდაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გრინერმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ მას სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა.

რუსეთში მსჯავრდებული კიდევ ერთი ამერიკელი, პოლ უილანია. ის რუსეთის ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით მოხვდა და 25-წლიან სასჯელს იხდის. ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი რუსეთს 2018 წლიდან ჰყავს დაკავებული. უილანი ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს.

ივლისში ვაშინგტონმა მოსკოვს ამ ორი პატიმრის გაცვლის თაობაზე „მნიშვნელოვანი წინადადება“ წარუდგინა. შეერთებული შტატები თანახმა იყო მათ სანაცვლოდ რუსეთისთვის იარაღით ვაჭრობაში დამნაშავე, ვიქტორ ბუტი გადაეცა, რომელიც ამერიკაშია დაკავებული. ამ საკითხზე ჯერჯერობით სხვა სიახლე მას შემდეგ არ გამოქვეყნებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG