ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მოსკოვს პატიმრების გაცვლას სთავაზობს


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთს „მნიშვნელოვანი წინადადება“ წარუდგინა, პატიმრების გაცვლის კუთხით. ვაშინგტონი მოსკოვს სთავაზობს, იარაღით ვაჭრობაში დამნაშავე, ვიქტორ ბუტის გაადაცემას ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და რუსული სასამართლოს მიერ ჯაშუშობაში ბრალდებული პოლ უილანის სანაცვლოდ.

ბრიტნი გრაინერი
ბრიტნი გრაინერი

წინადადება ვაშინგტონმა რუსეთს ივნისში წარუდგინა, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება არა შემდგარა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლიკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გეგმავს აღნიშნული საკითხი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ამ კვირაში დაგეგმილ სატელეფონო საუბარში, განიხილოს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ დრომდე აღნიშნულ საკითხზე „შეთანხმება არ არსებობს“.

პატიმრების შესაძლო გაცვლის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გავრცელდა, როცა ორი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელმა, გრინერმა აღიარა, რომ რუსეთში თებერვალში ბარგში კანაფის ზეთის შემცველი მოსაწევის მოწყობილობით ჩავიდა, რისი გამოყენებაც შეერთებულ შტატებში ფართოდ დაშვებულია სამედიცინო მიზეზებით. საკუთარ ჩვენებაში, მან თქვა, რომ მისი დაკავებისას, თარჯიმანმა მას მხოლოდ ნაწილი უთარგმნა იმისა, თუ რა იყო მისი დაკავების საფუძველი. გრინერი ქალთა საკალათბურთო გუნდის წევრია.

გრინერმა, რომელსაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით, თქვა, რომ მას მოსკოვის აეროპორტში არ აუხსნეს, თუ რაზე აწერინებდნენ ხელს. მისივე თქმით, ბარგი სწრაფად ჩაალაგა და არ ახსოვს, როგორ მოხვდა მოწყობილობა მასში.

პოლ ვილანი
პოლ ვილანი

უილანი კი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითია, რომელიც 2018 წლიდანაა დაკავებული, მას ბრალად ჯაშუშობა ედება. უილანი ბრალდებას უარყოფს. მისი ოჯახი კი წლებია ცდილობს მის გათავისუფლებას.

ბუტის გათავისუფლებას რუსეთი უკვე წლებია ითხოვს. მას „სიკვდილის ვაჭარს“ უწოდებენ. ბუტს 2012 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ იქნა ცნობილი მილიონობით დოლარის იარაღის უკანონო გაყიდვის სქემაში.

პატიმრების შესაძლო გაცვლას მხარს უჭერს ამერიკის პრეზიდენტი, აღნიშნულ ინფორმაციას „CNN” ავრცელებს. გაცვლას ეწინააღმდეგება იუსტიციის დეპარტამენტი, რომელსაც ტრადიციულად ეს არასწორ მეთოდად მიაჩნია, რადგან ის, დეპარტამენტის მტკიცებით, ახალისებს ამერიკელების საზღვარგარეთ დაკავებას გარიგებების იმედით.

XS
SM
MD
LG