ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ამერიკელი კალათბურთელი კანაფის ზეთის ტარებისთვის დააკავეს


ბრიტნი გრინერი რუსულ სასამართლოში, 27 ივნისი, 2022.
ბრიტნი გრინერი რუსულ სასამართლოში, 27 ივნისი, 2022.

რუსეთის მიერ დაკავებული ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ქალი, ბრიტნი გრინერი, პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი პრიორიტეტია. განცხადება ამის შესაებ, თეთრი სახლის სპიკერმა გააკეთა. კარინ ჟან-პიერი ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა წაიკითხა წერილი, რომლითაც კალათბურთელი მას დახმარებას სთხოვს.

გრინერი შიშობს, რომ შესაძლოა შინ ვეღარასდროს დაბრუნდეს და პრეზიდენტს თხოვს „არ დაივიწყოს ის და რუსეთში დაკავებული სხვა ამერიკელები.“

ბრიტნი გრინერი, 2021 წელი.
ბრიტნი გრინერი, 2021 წელი.

„როცა აქ, რუსულ ციხეში ვზივარ, მარტო ჩემს ფიქრებთან, ჩემი ცოლის, ოჯახის, მეგობრების ოლიმპიური მაისურის ან რაიმე მიღწევის მფარველობის გარეშე, მეშინია, რომ სამუდამოდ აქ დავრჩები“ - წერს კალათბურთელი პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში. ხელნაწერი წერილის ფრაგმენტი, მისივე წარმომადგენელმა გაასაჯაროვა.

გრინერს, ორგზის ოლიმპიურ ოქროს მედალოსანს, რუსეთში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ შერემეტევოს აეროპორტში, როცა კალათბურთელი რუსულ გუნდში სათამაშოდ ბრუნდებოდა, მის ბარგში ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში კანაფის ზეთი იპოვეს.

ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის საქმეზე, სასამართლო პროცესი კვირას დაიწყო და 7 ივლისს განახლდება.

თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, რომ გრინის ცოლს, 2 ივლისს უკვე ესაუბრა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯეიკ სალივანი.

სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სპორტსმენის სამშობლოში დაბრუნება მთავარი პრიორიტეტია.

ბლინკენმა ასევე ახსენა პოლ უელანი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში პატიმრობაში იმყოფება. ვაშონგტონი აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.

„ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას იქამდე, ვიდრე ისინი საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან“ - წერს სახელმწიფო მდივანი „ტვიტერზე“.

არსებობს მოსაზრება, რომ მოსკოვი გრინერის და უელანის გაცვლას იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე, ვიქტორ ბუტში ცდილობს, რომელიც შეერთებულ შტატებში 25 წლიან სასჯელს იხდის. მას ბრალად ედება ამერიკის მოქალაქეების მოკვლის შეთქმულებაში მონაწილეობა და ტერორისტული ორგანიზაციების დახმარება.

XS
SM
MD
LG