ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ფინეთის და შვედეთის ლიდერებს შეხვდება


ხუთშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი შვედეთის და ფინეთის პრეზიდენტებს შეხვდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად, ამ ქვეყნებმა ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ტრადიცია გვერდზე გადადეს და ნატოში შესვლა გადაწყვიტეს.

ბაიდენი, აზიაში გამგზავრების წინ, თეთრ სახლში შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს ნატოში შესასვლელ მათ განაცხადებზე ესაუბრება.

„ეს ისტორიული მოვლენაა, ევროპის უსაფრთხოებისთვის წყალგამყოფი მომენტი. ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ქვეყნები, მსოფლიოს უძლიერეს თავდაცვით ალიანსს შეუერთდებიან“, თქვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ევროპის გაერთიანება მთავარ პრიორიტეტად დასახა. თურქეთმა ახალი წევრების მიღების თაობაზე კითხვები წამოჭრა და შვედეთს სთხოვს შეუწყვიტოს მხარდაჭერა ქურთ მებრძოლებს, რომელსაც ის ტერორისტულ ჯგუფად განიხილავს და ორივე ქვეყანას სთხოვს თურქეთისთვის იარაღის მიყიდვის ზოგიერთი აკრძალვა გააუქმონ.

ოთხშაბათს, სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, თურქეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარებადია. ნატოში ნებისმიერი ახალი წევრის მიღებას ალიანსის 30-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება

XS
SM
MD
LG