ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი უარზეა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებაზე


რეჯებ ტაიპ ერდოღანი

ნატოს მოკავშირეებს თურქეთი აფრთხილებს, რომ უარს იტყვის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ვიდეოს საშუალებით გაავრცელა.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობის სურვილთან დაკავშირებით, ფორმალური განაცხადი ოთხშაბათს წარადგინეს. მათი გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმით არის განპირობებული, რომლის გამოც რუსეთის სამეზობლოში მყოფი ქვეყნები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. თურქეთი აქამდეც მიანიშნებდა, რომ არ ემხრობოდა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ასეთ მტკიცე უარს მოკავშირეები მაინც არ ელოდნენ.

"მიზანდასახულად გავაგრძელებთ ჩვენ მიერ აღებულ პოლიტიკურ კურსს. მოკავშირეებს ჩვენ ვუთხარით, რომ უარს ვეტყვით ფინეთს და შვედეთს ნატოში გაწევრიანებაზე" - უთხრა მან ოთხშაბათს საღამოს ჩაწერილ ინტერვიუში თურქ სტუდენტებს.

ერდოღანმა აქამდეც არაერთხელ ახსენა, რომ ფინეთი და შვედეთი თავშესაფარს აძლევს, აფინანსებს და შეიარაღებით უზრუნველყოფს "ტერორისტებს". ანკარის ბრალდებების მიხედვით, საუბარია ქურთისტანის მუშათა პარტიის და სირიაში მოქმედი ქურთების სამხედრო დაჯგუფებებზე, რომელთაც თურქეთი ტერორისტული დაჯგუფების კლასიფიკაციას აძლევს.

"ნატო უსაფრთხოების ალიანსია და ჩვენთვის შეუძლებელია იქ ტერორისტების დაშვება" - განაცხადა ერდოღანმა. შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედ უსაფრთხოების დასავლურ თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღებას მოკავშირეთა ერთსულოვანი თანხმობა ესაჭიროება.

ნატო - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი - 1949 წელს დაარსდა. მისი დაფუძნება საბჭოთა კავშირის საფრთხის შეკავებისა და მეზობლად მყოფი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა. ალიანსში ახლა 30 წევრი ქვეყანა ერთიანდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG