ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ნატოში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას არ ემხრობა


რეჯებ ტაიპ ერდოღანი - თურქეთის პრეზიდენტი
რეჯებ ტაიპ ერდოღანი - თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ნატოს წევრი ანკარისთვის წარმოუდგენელია შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება. დღეს გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა მიზეზად დაასახელა ის, რომ ამ ქვეყნებში "ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს".

"თვალს ვადევნებთ შვედეთის და ფინეთის გარშემო მიმდინარე მოვლენების განვითარებას, თუმცა ამას დადებითად არ ვუყურებთ" - უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში. მისი აზრით, თავის დროზე ნატოში საბერძნეთის მიღებაც შეცდომა იყო. "ჩვენ არ გვსურს მსგავსი შეცდომების გამეორება. მეტიც, სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტულ ორგანიზაციებს მასპინძლობენ... ისინი ზოგ ქვეყანაში პარლამენტშიც კი არიან. შეუძლებელია ჩვენ ამის მომხრე ვიყოთ" - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთი ნატოს წევრი 70 წლის წინ გახდა. ის ოფიციალურად ალიანსის გაფართოების მომხრეა. ნატოში ახალი წევრის მიღებას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობა ესაჭიროება.

ფინეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გეგმების თაობაზე პირველად ხუთშაბათს განაცხადა. არსებობს მოლოდინი, რომ შვედეთიც მის მაგალითს მიბაძავს, რაზეც რუსეთს მძაფრი რეაქცია აქვს. მოსკოვი ფინეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მის მიმართ მტრულ ნაბიჯად თვლის, რაც რუსეთის უსაფრთხოებას "დანამდვილებით" ემუქრება. კრემლმა ხუთშაბათს ისიც კი განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს მათი მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

ფინეთი და შვედეთი მიუმხრობლობის, ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებდნენ. თუმცა, ბოლო ორი თვეა ისინი გახსნილად საუბრობენ ნატოში გაწევრიანების სურვილზე. ეს რუსეთის მიერ 24 თებერვალს მეზობელ უკრაინასთან დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის უშუალო შედეგია.

რუსეთის გარშემო მყოფი ქვეყნები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ, კრემლი კი დაბეჯითებით იმეორებს, რომ ნატოს ექსპანსიას არ დაუშვებს და უკრაინის წინააღმდეგ "სპეცოპერაციის" მიზანიც რუსეთის საზღვრებთან ალიანსის დაუშვებლობა იყო. ნატო ამაზე პასუხად ამბობს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა და საფრთხეს არავის უქმნის.

XS
SM
MD
LG