ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი აცხადებს, რომ ამერიკისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, ოთხშაბათს ვაშინგტონში თქვა, რომ შეერთებული შტატებისგან მიიღო მხარდაჭერის გარანტია იმ პერიოდისთვის, როდესაც ნატოში შესვლის პოტენციური განაცხადი, 30 წევრიანი ალიანსის მიერ განხილვის პროცესში იქნება.

ცივი ომის დროს, შვედეთი და მისი მეზობელი ფინეთი ნატოში არ იყვნენ, მაგრამ რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში შეჭრამ, ამ ქვეყნებს თავისი უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვისკენ უბიძგა და ნატოში მათი გაწევრიანება სულ უფრო მეტად სავარაუდო ხდება.

ორივე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ განაცხადის განხილვის პროცესში, რაც შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს, შესაძლოა ისინი მოწყვლადი იყვნენ.

სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, ლინდემ ვაშინგტონში შვედურ ტელევიზიას უთხრა: „ბუნებრივია, არ ვაპირებ დეტალებში ჩაღრმავებას, მაგრამ ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლა ამერიკული გარანტიები გვაქვს... თუმცა არა უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, ასეთი გარანტიები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია მიიღო, როდესაც ნატოს სრულუფლებიანი წევრი ხარ“.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს პოლიტიკისადმი, რომელიც ახალი წევრების მიღების წახალისებას ეხება, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არაფერია ნახსენები.

მოსკოვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები გახდებიან, მან შესაძლოა ევროპულ ექსკლავ კალინინგრადში ბირთვული იარაღი და ჰიპერბგერითი რაკეტები განალაგოს.

XS
SM
MD
LG