ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გემები ფინეთში ერთობლივ წვრთნაზე ჩავიდნენ


ნატოს სამხედრო გემები ფინეთის სანაპიროზე
ნატოს სამხედრო გემები ფინეთის სანაპიროზე

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო გემები ფინეთის პორტში ჩავიდნენ. ჰელსინკის განცხადებით, ნატოსთან ერთად ისინი სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთის უკრაინაში განმეორებით შეჭრის ფონზე, ფინეთი დასავლურ ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად განიხილავს.

ფინეთში გამართულ ორდღიან წვრთნებში, ესტონეთის და ნიდერლანდების ძალები მონაწილეობენ. განცხადებას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო აკეთებს. ნატოს ძალები წვრთნებს ფინეთის სანაპირო თავდაცვის გემებთან ერთად გაივლიან. ეს მხოლოდ ნაწილია მოსამზადებელი სამუშაოების, რომლებიც მიზნად ისახავს ფინეთის მზაობის უზრუნველყოფას ნატოს გაცილებით ფართო მასშტაბის წვრთნებში მონაწილეობისთვის.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთმა დაიწყო ნატოში გაწევრიანებისთვის საინფორმაციო ნიადაგის მომზადება. ფინეთს რუსეთთან 1 300-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს. ქვეყანაში ჩატარებული ბოლო პერიოდის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას ემხრობა.

13 აპრილს პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ჰელსინკი მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე მიიღებს. მარინის თქმით, ალიანსის წევრობას ფინეთი ამ ეტაპზე ფრთხილად განიხილავს.

ნატოში გაწევრიანებაზე ფინეთის მეზობელი შვედეთიც ფიქრობს. შვედეთი აქამდე ნეიტრალური სახელმწიფო იყო, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა ისიც კი აიძულა ნატოს წევრობის განხილვა დაეწყო.

ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა. ის 1949 წელს, ცივი ომის დასაწყისში, რუსეთის ჰეგემონიით შექმნილი საბჭოთა კავშირისგან და მთლიანად სოციალისტური ბლოკისგან თავდაცვის მიზნით შეიქმნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG