ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის მუქარა ნატოში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტზე მოსკოვში, რუსეთი, 16 მაისი, 2022 წ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტზე მოსკოვში, რუსეთი, 16 მაისი, 2022 წ.

16 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან დასავლეთი გააფრთხილა, რომ თუ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შვედეთის და ფინეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას დაიწყებს, რუსეთისგან პასუხი იქნება.

პუტინი დღემდე იმეორებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის მთავარი მიზეზი სწორედ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაა. რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც ხელისუფლება 1999 წლის ბოლო დღეს, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ გადაიბარა და მას შემდეგ ქვეყნის სათავეშია, მეზობელ ქვეყანასთან დაწყებულ ომს კვლავ "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.

პუტინის თქმით, ნატოს გაფართოება "აგრესიული" ნაბიჯია, რომელსაც შეერთებული შტატები ისედაც რთული გლობალური სიტუაციის გასამწვავებლად იყენებს. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფინეთს ან შვედეთს რუსეთისგან პრობლემები არ შექმნია, ასე რომ მათ მიმართ პირდაპირი მუქარა მოსკოვის მხრიდან არ ყოფილა.

"თუმცა, სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია ამ ტერიტორიაზე ნამდვილად გამოიწვევს ჩვენს პასუხს" - განაცხადა მან. პრეზიდენტ პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიძლება იყოს კრემლის საპასუხო რეაქცია. "ვნახოთ, რა საფრთხეები შეგვექმნება" - თქვა მან კრემლის ცენტრალურ დარბაზში გამართულ სამიტზე და დასძინა: "პრობლემები სრულიად უმიზეზოდ იქმნება. ჩვენ შესაბამისი რეაქცია უნდა გვქონდეს".

განცხადება ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ლიდერების შეხვედრაზე გააკეთა. ის მოსკოვში, რუსეთის დედაქალაქში იმართება. რუსეთით დომინირებული სამხედრო ალიანსში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე სახელმწიფო ერთიანდება: ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ნატო - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი - 1949 წელს დაარსდა. მისი დაფუძნება საბჭოთა კავშირის მეზობლად მყოფი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა. ალიანსში ახლა 30 წევრი ქვეყანა ერთიანდება. დასავლეთი დაბეჯითებით იმეორებს, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის ალიანსია და ის საფრთხეს არავის უქმნის.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე აქტიური საუბარი მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყეს. ფინეთს რუსეთთან 1 300 კილომეტრის სიგრძის სახმელეთო საზღვარი აკავშირებს. რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, სამეზობლოში მყოფი ქვეყნები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.

კრემლის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინტენსიური დაბომბვების შედეგად, უკრაინის ქალაქები - ნანგრევებად, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად ან ლტოლვილად იქცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG