ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ხელი მოაწერა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების "ინსტრუმენტის რატიფიკაციას"


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს აწერს ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ დოკუმენტს. 9 აგვისტო, 2022 წ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს აწერს ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ დოკუმენტს. 9 აგვისტო, 2022 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ფინეთის და შვედეთის ახალ წევრებად მიღების მხარდამჭერ დოკუმენტს. ამერიკის პრეზიდენტის მიერ "რატიფიკაციის ინსტრუმენტის" საზეიმო ხელმოწერა თეთრ სახლში სამშაბათს, 9 აგვისტოს გაიმართა.

"ალიანსისთვის ეს გახლავთ გარდამტეხი მომენტი, რომელიც ჩემი აზრით, მეტ უსაფრთხოებას და სტაბილურობას მოიტანს არამარტო ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ვაშინგტონის მხრიდან ეს დასკვნითი ფორმალური ნაბიჯია, რომელსაც წინ უძღოდა კონგრესში ამერიკელ სენატორთა ორპარტიული, ფართო მხარდაჭერა. შეერთებული შტატების სენატში ნატოს მოკავშირე ორი ქვეყნის, შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას, ხმა მისცა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგ კი მხოლოდ ერთი სენატორი წავიდა.

"ჩვენ ერთიანნი ვართ იმ აქტორების წინააღმდეგ, რომელთაც სურთ სურსათის მიწოდების პროცესის დესტაბილიზაცია და ვინც მილიონობით ადამიანს შიმშილით ემუქრება; ვინც ენერგიას იარაღად იყენებს უპრეცედენტო სიცხის ტალღის შუაგულში და ფიქრობს, რომ მათ მარტივად შეუძლიათ მეზობელ ქვეყანაში შეჭრა და ამას შედეგები არ მოჰყვება" - განაცხადა ნიუ-ჯერსის შტატის დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა სენატში კენჭისყრის დღეს.

შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება 1990 წლის შემდეგ ალიანსის ექსპანსიის ყველაზე სერიოზულ და მნიშვნელოვან ფაქტად განიხილება. ის დიდწილად რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა, რის გამოც აგრესიული მეზობლის პირისპირ მყოფი რეგიონის ქვეყნები თავს უსაფრთხოდ და დაცულად აღარ გრძნობენ.

30-წევრიანი დასავლური ალიანსი, რომელიც არსებობის 70-ზე მეტ წელს ითვლის, ევროპის უსაფრთხოებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უზრუნველყოფს. მასში ახალი წევრის მიღება ჩვეულებრივ ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ, წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა არაპროვოცირებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მოვლენები დააჩქარა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებს გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღებისკენ უბიძგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG