ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატმა ნატოში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება დაამტკიცა


სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი (მარჯვნივ) ხვდება პაივი ნევალას, ფინეთის კონსულს (მარცხნივ) და კარინ ოლოფსდოტერს, შვედეთის ელჩს ამერიკის კონგრესში. ვაშინგტონი, აშშ. 3 აგვისტო, 2022 წ.

შეერთებული შტატების სენატმა ხმა მისცა ფინეთის და შვედეთის ნატოში - ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში - გაწევრიანებას. ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას 95 ამერიკელი სენატორი მიემხრო და მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი კანონმდებელი წავიდა.

ეს ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვისთვის გაგზავნილ ძლიერ სიგნალად განიხილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დასავლური ალიანსის გაფართოებას ამერიკის სენატში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ეს რეალობა კენჭისყრამდე სენატორებს კიდევ ერთხელ შეახსენა ბობ მენენდესმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნატოში შვედეთის და ფინეთის წევრობისთვის ხმის მიცემა "მსოფლიოსთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ იმ აქტორების წინააღმდეგ, რომელთაც სურთ სურსათის მიწოდების პროცესის დესტაბილიზაცია და ვინც მილიონობით ადამიანს შიმშილით ემუქრება; ვინც ენერგიას იარაღად იყენებს უპრეცედენტო სიცხის ტალღის შუაგულში და ფიქრობს, რომ მათ მარტივად შეუძლიათ მეზობელ ქვეყანაში შეჭრა და ამას შედეგები არ მოჰყვება" - განაცხადა ნიუ-ჯერსის შტატის დემოკრატმა სენატორმა.

"ნატოს [საკითხზე] კენჭისყრა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის, ისე მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ფინეთის და შვედეთის წევრობა უფრო მეტად გააძლიერებს ნატოს და ეს კიდევ უფრო სასწრაფოა რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, უკრაინაში პუტინის ამორალური და გაუმართლებელი ომის ფონზე" - განაცხადა ნიუ-იორკის სენატორმა ჩაკ შუმერმა, რომელიც სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერია.

30-წევრიანი დასავლური ალიანსი, რომელიც არსებობის 70-ზე მეტ წელს ითვლის, ევროპის უსაფრთხოებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უზრუნველყოფს. მასში ახალი წევრის მიღება ჩვეულებრივ ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ, წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა არაპროვოცირებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მოვლენები დააჩქარა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებს გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღებისკენ უბიძგა.

ერთადერთი სენატორი, რომელმაც გადაწყვეტილებას ხმა არ მისცა, იყო რესპუბლიკელი ჯოშ ჰაული. ის თვლის, რომ ნატოს გაფართოება შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის.

მაგრამ, ალიანსში დამატებით ორი ევროპული ქვეყნის გაწევრიანებას რესპუბლიკელი სენატორების დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. რესპუბლიკელმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა, რომელიც სენატის უმცირესობის ლიდერია, მათ კენჭისყრამდე შეახსენა, რომ არ არსებობს ხმის მიცემაზე უარის თქმის გამართლება. მისი თქმით, ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც "სრულ ორპარტიულ მხარდაჭერას მოითხოვს".

XS
SM
MD
LG