ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: "ფინეთსა და შვედეთში ნატოს ინფრასტრუქტურას რუსეთი შესაბამისად უპასუხებს"


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "პრობლემა არ აქვს".

"ჩვენ არ გვაქვს შვედეთთან და ფინეთთან იგივე პრობლემა, რაც უკრაინასთან გვაქვს. თუკი მათ ნატოში წევრობა სურთ, შეუძლიათ ეს გააკეთონ", - უთხრა პუტინმა რუსულ სახელმწიფო მედიას თურქმენეთში რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

"მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ აქამდე საფრთხე არ არსებობდა, მაშინ როცა ახლა, თუკი სამხედრო კონტინგენტი და ინფრასტრუქტურა იქ განლაგდება, ჩვენ მოგვიწევს მსგავსადვე ვუპასუხოთ და შევქმნათ იგივე საფრთხე იმ ტერიტორიებისთვის, საიდანაც ეს საფრთხეები ჩვენ მოგვემართება", - თქვა პუტინმა. მისივე განმარტებით, გარდაუვალია ის, რომ მოსკოვის ურთიერთობა ჰელსინკისა და სტოკჰოლმთან ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ მაინც გაუარესდება.

"ჩვენ შორის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული დაძაბულობა, ნამდვილად ასე იქნება. ეს გარდაუვალია, თუ ჩვენ საფრთხე დაგვემუქრება", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმირ პუტინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფინეთმა და შვედეთმა თურქეთთან მოლაპარაკება შეძლეს და საერთო თანხმობით ეს ორი ქვეყანა ამჟამად 30-წევრიან ალიანსს ახლო მომავალში შეუერთდება და საერთო უსაფრთხოებას დაიცავს.

პუტინის თქმით, მოსკოვის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა და ის კვლავ დონბასის გათავისუფლებას და რუსეთის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ცდილობს.

პუტინის განცხადებით, რუსული ჯარები უკრაინაში წინ მიიწევენ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და საჭირო არ არის გარკვეული ბოლო ვადების დაწესება სამხედრო კამპანიის დასრულებისთვის.

XS
SM
MD
LG