ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა გერმანიის ურთიერთობები - მერკელი ვაშინგტონში ჩამოდის 


რამდენიმე საათში გერმანიის კანცლერს ვაშინგტონში ელოდებიან. ეს ანგელა მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტი იქნება ამერიკის დედაქალაქში, გერმანიის კანცლერის რანგში.

ანგელა მერკელს პრეზიდენტი ბაიდენი უმასპინძლებს და მათ შორის როგორც პირისპირ ასევე გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელიც დაახლოებით 2 საათს გასტანს.

ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობების გარდა, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ჩინეთთან ურთიერთობები და “ჩრდილოეთ ნაკად 2-ის” საკითხი. ორივე თემა კომპლექსურია და მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება რთული იქნება, ამბობენ სპეციალისტები.

იანვრიდან დღემდე როგორც ანგელა მერკელმა, ასევე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ეტაპზე უნდა გადავიდეს და კავშირები გაძლიერდეს. ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ჩრდილოეთის ნაკადი 2

თუმცა, ურთიერთობების დათბობის პარალელურად ქვეყნები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან “ჩრდილოეთის ნაკად 2-ის” მილსადენის შესახებ, რომელიც რუსეთისა და გერმანიის ერთობლივი პროექტია და რომლითაც მოსკოვმა ბერლინს, ბუნებრივი აირი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს. პროექტს წლებია ვაშინგტონი და დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. სხვადასხვა ადმინისტრაციების პერიოდში ამერიკამ პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციებიც დააკისრა.

ის, რომ პროექტი „ცუდია ევროპისთვის“ ვაშინგტონში მყარად სწამთ, თუმცა ამის მიუხედავად, მაისში ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების სანქციები გააუქმა და აღნიშნა, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია და ამ ეტაპზე, მასზე სანქციების დაწესება მხოლოდ მოკავშირეებთან ურთიერთობებს გაართულებს.

ბაიდენის გადაწყვეტილებას რესპუბლიკური პარტიის წევრები არ იზიარებენ. კონგრესსა და სენატში ბაიდენს სანქციების განახლებასა და მკაცრი პოზიციის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

როგორც დემოკრატები ასევე რესპუბლიკელები შიშობენ, რომ ევროპის ენერგოდამოკიდებულების ზრდა რუსეთზე სახიფათოა. მეტიც, მიაჩნიათ, რომ ახალი გაზსადენის ამოქმედებით შესაძლოა რუსეთმა დარტყმა უკრაინაზე მიიტანოს. ამ დროისთვის ევროპაში რუსული გაზის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა სწორედ უკრაინაა. ამერიკაში ფიქრობენ, რომ შედეგად კიევი მნიშვნელოვან შემოსავალს დაკარგავს.

მილსადენის დიდი ნაწილი მართლაც დასრულებულია, პროცესი ნელა და რთულად მიმდინარეობდა, რადგან პროექტში ჩართული, მათ შორის ევროპული კომპანიები, ამერიკის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ და მასზე მხოლოდ რუსული კომპანიები მუშაობდნენ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა „როიტერთან“ ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ ჯო ბაიდენი გეგმავს ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მკაფიოდ დააფიქსიროს მისი უარყოფითი დამოკიდებულება “ჩრდილოეთის ნაკად 2-თან” მიმართებაში.

“ჩვენ განვაგრძობთ საკითხის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია, ვუზრუნველყოთ, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს ამ გაზსადენის გამოყენებას უკრაინაზე ზეწოლისთვის და არ გაანადგურებს უკრაინას,” - ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

„”ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ის” საკითხი არის თემა სადაც რეალურად შეგვიძლია ველოდოთ პროგრესს,“- ამბობს თორსტენ ბენერი გლობალური საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტიდან და განმარტავს, რომ შესაძლოა მერკელი განიხილავდეს გზებს ან მექანიზმს რომ თუ რუსეთი გადაწყვეტსს ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდება შეწყვიტოს ამ ფაქტის აღკვეთა შეძლოს. ბენერი ამ მექანიზმს „გაურკვევლად“ მოიხსენიებს.

ანგელა მერკელი ვაშინგტონისა და ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად რუსული გაზსადენის მომხრე და მხარდამჭერია. თუმცა აქვე განმარტავს, რომ გერმანია შეასრულებს თავის პირობას და არ დაუშვებს, რომ უკრაინამ ბუნებრივი აირის სატრანზიტო ფუნქცია დაკარგოს.

„ჩვენ შევპირდით უკრაინას და შევასრულებთ დაპირებას. მე მჩვევია, რომ შევასრულო ჩემი სიტყვა და მჯერა, რომ ასე იქნება სხვა ყველა მომავალი კანცლერის შემთხვევაში,“- ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

მერკელი რამდენიმე თვეში დატოვებს თანამდებობას, მას შემდეგ რაც სექტემბერში ქვეყანაში არჩევნები გაიმართება. მერკელი აცხადებს, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ჩინეთთან ურთიერთობა

ბაიდენ-მერკელის შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ჩინეთი იქნება. ორი ქვეყნის პოზიციები არც აქაა თანხვედრაში.

ანგელა მერკელი გასულ წელს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საინვესტიციო პაკეტის აქტიური მხარდამჭერი იყო. გერმანია ასევე თავს იკავებს გააკრიტიკოს ჩინეთი ჰონგ-კონგში არსებული ვითარების, ადამიანის უფლებების დარღვევების და მუსლიმური თემის “საგანმანათლებლო ბანაკებში” განთავსების გამო, რომელსაც ვაშინგტონში თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკებად მოიხსენიებენ. გარდა ამისა გერმანია უკვე წლებია ჩინეთთან აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებშია და კავშირებს აღრმავებს.

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ არის რამდენიმე საკითხი, სადაც ორი ლიდერი ერთობლივ მოწოდებებს გააკეთებენ.

“სავარაუდოდ ბაიდენის და მერკელის ერთობლივად მოუწოდებენ ჩინეთს გააგრძელოს ძალისხმევა ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისთვია და გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებისთვის. მაგრამ მერკელისგან არ მოველი ისეთ რამეს, რაც შორიდან ისე გამოიყურება თითქოს ჩინეთთან მიმართებაში ტრანსატლანტიკური ერთობლივი ფრონტი არსებობს,“- ამბობს ბენერი.

ამას გარდა თეთრ სახლში შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება კოვიდ-19-ის ვაქცინის შემთხვევაში, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმის საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს კოვიდ19-ის ვაქცინების გლობალურ წარმოებას. საუბარია, იმაზე რომ მწარმოებლებმა ვაქცინის პატენტი ხელმოსაწვდომი გახადონ სხვა ქვეყნებისთვის. ინიციატივას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მისი წინაარმდეგი კი დიდი ბრიტანეთი და გერმანიაა.

განხილული იქნება ასევე ევროპიდან ამერიკაში ტურისტების მოგზაურობის აღდგენის თემა. მოგზაურობის შეზღუდვა ევროპიდან ამერიკაში პანდემიური ვითარების გამო, წინა წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. წესი ამ დრომდე მოქმედებს.

2 საათიანი შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 5 საათისთვის თეთრ სახლში პრეზიდენტი ბაიდენი და ანგელა მერკელი ჟურნალისტებს შეხვდებიან. პრესკონფერენციის შემდეგ კი ერთობლივ ვახშამს გამართავენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG