ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გვსურს, უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, ამისთვის საჭიროა სწორი ქმედებები და რეფორმები" - კენტი


როგორია აშშ-უკრაინის ამჟამინდელი და სამომავლო ურთიერთობები იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებს უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰყავს. რა ნაბიჯებს გადადგამს ამერიკა იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონის ოფიციალურად გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის მშენებლობა დასრულდება და გაზსადენი ექსპლუატაციაში შევა. ეს არის საკითხები, რაზეც "ამერიკის ხმის" უკრაინული სამსახური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ჯორჯ კენტს ესაუბრა.

„ნდობა ორმხრივი გზაა“

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან, მათ შორის მოკავშირე, პარტნიორ, თუ მტრულად განწყობილი სახლემწიფოს ლიდერებთან, სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბარი არ შემდგარა პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ჟურნალისტის კითხვაზე, არის, თუ არა ორ ლიდერს შორის ნდობის ფაქტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი პასუხობს, რომ ნდობა ნებისმიერი სახის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შეგინით, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.


„ვფიქრობ, ორ ქვეყნას შორის კავშირების დასამყარებლად, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. ცხადია, ნდობა ორმხრივი გზაა და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენს ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. ასევე მჯერა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სატელეფონო ზარი სიმბოლური მოვლენაა, რომელიც გამყარებული უნდა იყოს მოქმედებებით და იმ საკითხებით, რაზეც ვმსჯელობთ, რაც აშშ-უკრაინის დღის წესრიგში გვაქვს. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი წარმატებული იყოს. მაგრამ, ამ წარმატებისთვის საჭიროა სწორი ქმედებები და სწორი რეფორმები“ - აცხადებს კენტი.

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, ამ დრომდე არ შემდგარიყო უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი, ხომ არ უკავშირდება წარსულში, პრეზიდენტ ზელენსკისა და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს - ჟურნალისტის ამ კითხვაზე, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ამ ორ მოვლენას შორის, რაიმე კავშირს ვერ ხედავს.

ელჩის გარეშე

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აშშ-ს უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არ ჰყავს. ამის გათვალისწინებით, უკრაინული საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. თუმცა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე განმარტავს, რომ ელჩის დანიშვნა და დამტკიცება პრეზიდენტისა და და სენატის პრეროგატივაა. შესაბამისად, ვერ საუბრობს ვადებზე, როდის შეიძლება ჰყავდეს შეერთებულ შტატებს უკრაინაში ელჩი.

„ჩვენ გვესმის, რომ ყველა ქვეყანა ელის ჰყავდეს სრულად აკრედიტებული ელჩი და ჩვენ ველოდებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სრულად კვალიფიციურ პერსონას წარადგენს. ამის შემდეგ, ელჩის დასამტკიცებლად ჯერი სენატზე იქნება.“

საფრთხეები რუსეთიდან

გასულ კვირებში, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ შეეცადა ჩარეულიყო აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. ამას მოჰყვა ამერიკის ოფიციალური პირებისგან, მათ შორის თავად პრეზიდენტისგან გაკეთებული ოფიციალური განცხადებები რუსეთის მიმართ. განცხადებები მოსალოდნელი სანქციების შესახებ.

„ჩვენ ჯერ არ განგვიცხადებია საპასუხო ზომების პაკეტზე, მაგრამ როგორც გასულ კვირას პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რუსეთის ქმედებები პასუხს მოითხოვს. ასე რომ, თვალი მიადევნეთ“ - ამბობს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე. ამავე კონტექსტში, აშშ-რუსეთს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინელ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების საპასუხოდ, რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში იმოქმედოს და დონბასში ვითარების ესკალაციას შეეცადოს. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის, თუ არა აშშ ამგვარი დაძაბულობის განსამუხტად მზად.

„კეთილი, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ. თქვენ შეგიძლიათ ღია წყაროების ანგარიშებში იხილოთ კონტაქტის ხაზზე სხვადასხვა ქმედებები, ახალი სანგრები, ძველი დონბასის აეროპორტის მახლობლად. ვლადიმირ პუტინმა და რუსეთმა უნდა შეასრულონ 2015 წლის თებერვალში ნაკისრი ვალდებულებები. 7 წლის შემდეგაც კი, რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს“ - აცხადებს კენტი.

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდი სრულად დაკომპლექტდება, ვაქცინაციაც ჩატარებული იქნება და მოგზაურობა აღდგება, საზოგადოება „ამ სფეროში ამერიკული დიპლომატიის მეტ აქტივობას იხილავს.“

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება საკუთარი კანონმდებლობით ვიმოქმედოთ, როდესაც ეს აუცილებელია. ვფიქრობ, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიიზანია. კანონმდებლობა ითხოვს დაუწესდეს სანქციები კომპანიებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მილსადენის მომზადებისა და დაგეგმვის პროცესში. ასე რომ, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას და განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“ - ეს არის კენტის პასუხი კითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ოფიციალური ვაშინგტონი იმ შემთხვევაში, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის მშენებლობა დასრულდება და მილსადენი ექსპლუატაციაში შევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ ამბობს, გაზსადენის შესახებ გარიგება ევროპისთვის, ამერიკის მოკავშირეებისთვის საზიანოა. ამის შესახებ, ბრისუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივანმაც განაცხადა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG