ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის პრეზიდენტმა სახალხო კრება მოიწვია, რასაც ოპოზიცია თვალთმაქცობას უწოდებს


ხუთშაბათს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2 700 დელეგატისგან შემდგარი ე.წ. სახალხო კრება მოიწვია. დელეგატთა უმრავლესობა მისი მოკავშირეა. ლუკაშენკო ამბობს, რომ კრება პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს, მაგრამ ოპონენტები ამაში ხედავენ თვალთმაქცობას, რაც მის ხელისუფლებაში დარჩენას უნდა დაეხმაროს.

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. გასული წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს, ის გაუთავებელი ქუჩის პროტესტების წინაშე აღმოჩნდა.

მასობრივმა დაპატიმრებებმა და რეპრესიებმა დასავლეთის მხრიდან სანქციების შემოღება გამოიწვია, მაგრამ რუსეთის დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ლუკაშენკო პრეზიდენტად რჩება. რუსეთი ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ნატოს საწინააღმდეგო ბუფერულ სახელმწიფოდ განიხილავს.

ლუკაშენკო, რომელიც არჩევნების გაყალბებას უარყოფს და როგორც ჩანს, ხელისუფლების დათმობას არ აპირებს, სავსე დარბაზში სიტყვით გამოვიდა. მის უკან იყო დიდი პლაკატი წარწერით; “ბელარუსი: სიმტკიცის გამოცდა”.

“ეს იყო ამბოხება. ბლიცკრიგი ჩაფლავდა. ამჯერად ჩვენ საკუთარი ქვეყანა გადავარჩინეთ”, თქვა ტელევიზიით გადაცემულ სიტყვაში ლუკაშენკომ, რომელმაც საპროტესტო აქციების სპონსორობაში ბრალი დასავლეთს დასდო.

მან იქვე დაამატა: “რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარებას, ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სანამ ჩვენ და რუსეთი ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ჩვენს დაჩოქებას ვერავინ შეძლებს.”

66 წლის ლუკაშენკო ამბობს, რომ კრებას შეეძლება საკონსტიტუციო რეფორმების პროექტებზე იმსჯელოს. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პოლიტიკოსებმა პოლიტპატიმრებისთვის ამნისტიის შესაძებლობაზე მიანიშნეს.

ორდღიანი კრების მონაწილე დელეგატთა უმრავლესობა მთავრობის მხარდამჭერი ადგილობრივი დეპუტატები და ის ოფიციალური პირები არიან, რომლებიც დახურულ სესიებზე აირჩიეს.

პროტესტები ჯერ კიდევ დუღს და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ლუკაშენკოსთვის პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG