ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხონუსკაია  "ხალხის კონსტიტუციის" შექმნას აანონსებს 


"Only one new constitution can be adopted in Belarus -- the people's constitution.
"Only one new constitution can be adopted in Belarus -- the people's constitution.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლებიდან 6 თვის თავზე სვიატლანა ციხონუსკაია "ხალხის კონსტიტუციის" შექმნას აანონსებს და უარს ამბობს გაიზიაროს ალექსანდრე ლუკაშენკოს "ბუნდოვანი" შეთავაზება ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

ციხონუსკაია ამბობს, რომ მისი გუნდი აქტიურად მუშაობს ცვლილებათა ახალ პაკეტზე და კონსტიტუციაზე მუშაობა თვის ბოლოს დასრულდება.

"ბელარუსში მხოლოდ ერთი ახალი კონსტიტუციის მიღებაა შესაძლებელი - ხალხის კონსტიტუციის. ხალხი დაწერს და განიხილავს მას და არა ადამიანი, რომელიც ტერორში ამყოფებს ბელარუს ხალხს. ის არაფერ შუაშია ქვეყნის მთავარ კანონთან,"- ამბობს ციხონუსკაია ტელეგრამზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკო ცდილობს ახალი კონსტიტუციის შემუშავებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და კონსტიტუცია ისეთი ფორმით წარადგინოს რომელიც მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

"ის ცდილობს კიდევ ერთხელ მოგვატყუოს და მოიგოს დრო,"- ამბობს ციხონუსკაია.

ბელარუსის ოპოზიციური სპექტრი არ აპირებს თანამშრომლობას ლუკაშენკოსთან და ითხოვს, რომ 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში რეფერენდუმი და ახალი არჩევნები გაიმართოს, ლუკაშენკოს გარეშე.

თავის მხრივ უკვე მეექვსე თვეა, ავტორიტარი ლიდერი აგრძელებს საუბარს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

ლუკაშენკოს კონსტიტუციაში ცვლილებებისკენ ღიად მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. 2020 წლის დეკემბერში, მინსკში გამართული შეხვედრისას, ლუკაშენკოს ამისკენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც მიუთითა.

ახალი კონსტიტუციის მიღების შესახებ, უკანასკნელი განცხადება ლუკაშენკომ 2021 წლის 10 იანვარს რუსული ტელევიზიით გააკეთა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციის მონაწილეები, ქუჩაში ყოველ კვირას, რთული ამინდის პირობებშიც გამოდიან.

საპროტესტო ტალღა, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და დასავლეთის მთავრობებმა გაყალბებულად შეაფასეს.

აქციებზე, პოლიცია და სამთავრობო ძალები, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას იყენებენ, მათ აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან და აწამებენ.

დაკავებულია ასობით დემონსტრანტი, მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, სვიატლანა ციხონუსკაიას ქვეყნის დატოვება მოუხდა, მისი მეუღლე კი პატიმრობაში იმყოფება. ლუკაშენკოს რეჟიმის ძალადობრივ ქმედებებს ემსხვერპლა ერთი ადამიანი, დაშავებულია ასობით აქციის მონაწილე.

გაყალბებული არჩევნების და საპოლიციო ძალების მხრიდან მზარდი ძალადობის პარალელურად დასავლეთი ბელარუსისთვის და ცალკეული პირებისთვის სანქციების დაწესებას აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG