ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის დიქტატორს პრეზიდენტი სააკაშვილი ისევ დაეხმარა


ლუკაშენკო და სააკაშვილი

ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილსა და ილჰამ ალიევს, ვარშავაში დასრულებულ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე, ოფიციალური მინსკის ინტერესების დაცვის გამო, მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

„ჩვენ ვალში არ დავრჩებით“ - თქვა დიქტატორმა, რომელიც ვარშავის სამიტზე, იმ უბრალო მიზეზით ვერ მოხვდა, რომ მას 2006 წლიდან აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. (ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც).

ბელარუსის სამთავრობო დელეგაციამ მას შემდეგ თქვა უარი პოლონეთში გამგზავრებაზე, რაც სამიტის მასპინძელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ურთიერთობა ბელარუსთან იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ბელარუსის ხელისუფლებას აქვს ოპოზიციასთან.“.

წელს ეს უკვე მეორე შემთხვევა, როცა ევროკომისია ლუკაშენკოს იგნორირებას ახდენს. აპრილში, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ კატეგორიულად განაცხადა, რომ არ ჩავიდოდა კიევში თუ იქ ბელარუსის დიქტატორიც იქნებოდა.

ვარშავაში „აღმოსავლეთის პარტიონობის“ სამიტს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავიდან „ლაყბობა“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით, სააკაშვილს და ალიევს მადლობა გადაუხადა

„მე ამ კონცერტზე, ახლახანს მომახსენეს და საჯაროდ მინდა განვაცხადო და მადლობა მოვუხადო ჩემს მეგობრებს, ჩემს პარტნიორებს, ჩემს კოლეგებს, სახელმწიფოების მეთაურებს, იმ კოლოსალური მხარდაჭერის გამო, რომელიც მათ აღმოგვიჩინეს, იქ, სადაც, ჩვენ არ ვიყავით.

ეს მხარდაჭერა ძვირი ღირს და ბელარუსი ვალში არ დარჩება. ცალკე მინდა ვთქვა და უდიდესი მადლობა გადავუხადო, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც იქ იყვნენ ყველაზე აქტიურები და მხარს გვიჭერდნენ ევროპაში.

ვფიქრობ, რომ ბევრი დაფიქრდებოდა ამის შემდეგ და მიხვდებოდა, რომ ბელორუსთან ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება.“

ბელარუსის ოფიციალური დელეგაციისგან განსხვავებით, ვარშავის სამიტზე მიწვეული იყო ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც შეხვდა.

კანცლერმა განაცხადა, რომ სამიტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისი დაჟინებული მოთხოვნით არ მიიწვიეს. ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ დახუჭავს თვალს დიქტატორულ რეჟიმზე და აპირებს კიდევ უფრო გაზარდოს იმ ბელარუსი მაღალჩინოსნების სია, რომლებსაც ევროზონაში შესვლა აკრძალული აქვთ. ამ დროისთვის, „შავ სიაში“ ლუკაშენკოსთან ერთად კიდევ 99 ბელარუსი მაღალჩინოსნის გვარია.

გერმანიის აქტიურობის პარალელურად, მოულოდნელად,ლუკაშენკოს რეჟიმი საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა დაიცვეს. მათი წინააღმდეგობის გამო, თავიდან, საბოლოო დეკლარაციაში ვერ მოხვდა პარაგრაფი, რომელიც ბელარუსში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვებსა და პოლიტიკური პატიმრების არსებობას უმკაცრესად აკრიტიკებდა.

მოგვიანებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის კატეგორიული მოთხოვნით, დეკლარაციაში ეს პარაგრაფი დაბრუნდა, თუმცა შესწორებით. სამიტის საბოლოო დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ბელარუსთან დაკავშირებული პარაგრაფი „ბელარუსის დელეგაციის მონაწილეობისა და განხილვის გარეშე იქნა მიღებული“.

ამ „კომპრომისისთვის“ უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად, უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც „იბრძოლა“. ბელარუსთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ განაცხადა

„ბელარუსის გარეშე, აღმოსავლეთის პარტნიორობის გაერთიანება სრულფასოვანი ვერ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი ამ პროცესზე და ეს პროცესი არ ჩაუვარდეს ხელში მეორე დიდ მეზობელს, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, ასევე დაკავებულია ამ საკითხით.

ჩვენ ავღნიშნეთ, ცუდი იყო რომ სამიტზე არ იყო ბელარუსის წარმომადგენელი, ეს ძალიან ცუდი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შემდეგი სხდომებისთვის ეს სიტუაცია შეიცვალოს დიალოგის და მოლაპარაკებების გზით ბელარუსში არსებულ ყველა ძალასთან.

ევროკავშირი სწორია, რომ ელაპარაკება ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე უნდა მოხდეს, ოფიციალურ მინსკთან, პრინციპებზე დაფუძნებული მოლაპარაკება, იმისათვის, რომ მათ ასევე დაიკავონ ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან.

ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ბელარუსის ევროპული განვითარება და ევროკავშირი იყოს ამ პროცესში მნიშვნელოვანი მოთამაშე. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენ ეს მდგომარეობა უნდა გადავლახოთ და რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ.“

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დიქტატორ ლუკაშენკოს მხარადაჭერას ბელორუსის ოპოზიციის მხრიდან უმწვავესი შეფასებები მოჰყვა.

ვარშავაში მყოფმა ბელარუსის სამოქალაქო პარტიის ლიდერმა ანატოლი ლებედკომ, რომელიც თავის დროზე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სააკაშვილის მხარდაჭერით სარგებლობდა, განაცხადა, რომ „სააკაშვილი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, იმაზე, რომ ლუკაშენკომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს და სინამდვილეში, ბელარუსში დემოკრატიისთვის მიუფურთხებია.“

ლებედკომ გაიხსენა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ორი კვირის წინ, ნიუ-იორკში, გაეროს ოფისში ლიტვის პრეზიდენტს არაოფიციალური შეხვედრისას უთხრა, რომ მას ძალიან მოეწონა დალი გრიბაუსკატეს განცხადება ბელარუსის ოპოზიცისთან დაკავშირებით.

სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა, პრეზიდენტ გრიბასკაუტეს განცხადება, რომ „ბელარუსის ოპოზიციის ნაწილს მხარს უჭერს მოსკოვი, და ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ბელარუსის დამოუკიდებლობაზე."

ალექსანდრე ლუკაშენკო 1994 წელს გახდა ბელარუსის პირველი პრეზიდენტი და მას შემდეგ, უკვე სამჯერ იქნა გადარჩეული ამ თანამდებობაზე. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკომ 700-მდე ოპოზიციონერი დააპატიმრა, ამათგან, სამი პრეზიდენტობის კანდიდატი დღემდე ციხეში ზის.

XS
SM
MD
LG