ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციური ტანდემი ლუკაშენკოს წინააღმდეგ


ოპოზიციური ტანდემი ლუკაშენკოს წინააღმდეგ
ოპოზიციური ტანდემი ლუკაშენკოს წინააღმდეგ

რომან იაკოვლევსკი: „ქართველების მისია ამ არჩევნების აღიარებაში მდგომარეობს“

ბელარუსში წინა საარჩევნო კამპანია სრულდება. 19 დეკემბერს კი ბელარუსები ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. თუმცა, თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ ის ისევ ძველი პრეზიდენტი იქნება, მხოლოდ განახლებული ვადით. ამისთვის კი ალექსანდრ ლუკაშენკოს თითქმის ყველაფერი მზად აქვს. ის გასულ კვირას მოსკოვშიც ჩავიდა და თუკი საერთაშორისო მედიაში გამოთქმულ მოსაზრებას დავუჯერებთ, „მედვედევს ჩაბარდა“, რათა მოსკოვმა მისი გამარჯვება აღიაროს. პარალელურად მინსკში უკვე ჩავიდნენ უცხოელი დამკვირვებლები და მათ შორის ქართველებიც. თბილისიდან ბელარუსში გამართულ არჩევნებს 50 დამკვირვებელი გაუწევს მეთვალყურეობას. როგორც ბელარუსის ოპოზიცია ირწმუნება, ქართველი დამკვირვებლები ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა „ბელარუს პარტიზანი“ იუწყება. გამოცემას მოყავს საპრეზიდენტო კანდიდატის ანდრეი სანიკოვის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის დმიტრი ბონდარენკოს სიტყვები. „იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩვენთან შეხვედრაზე დასვეს და ასევე თუ როგორ რეაგირებდნენ ისინი ჩვენს სიტყვებზე, შეიძლება შემდეგი დასკვნის გაკეთება: ისინი ჩამოვიდნენ, რათა ეს არჩევნები გამოაცხადონ დემოკრატიულად. სააკაშვილმა ეს სპეცჯგუფი იმისთვის გამოგზავნა, რომ მხარი დაუჭირონ დიქტატორ ლუკაშენკოს, მაგრამ პოლიტიკური გვამის გადარჩენა შეუძლებელია,“ - აცხადებს ბონდარენკო.

მოსკოვის პარალეულრად, ლუკაშენკო წინასაარჩევნოდ ამერიკელების მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს. მინსკში შეერთებული შტატებიდან ამერიკელი ანალიტიკოსები ჩავიდნენ. მათთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.

აი ასეთია ბელარუსში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება. საინტერესოა თუ რას ფიქრობენ თავად ბელარუსი ანალიტიკოსოები. ჩვენთან საუბარში პოლიტიკურმა მიმომხილველმა რომან იაკოვლევსკიმ განაცხადა:

„უკვე ნათელია, რომ არჩევნები ერთ ტურად გაიმართება. ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მეორე ტურის გამართვას. თუმცა, ეს ნაკლებად რეალურია, რადგანაც მეორე ტური ორი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს, რაც ახალ წელს ემთხვევა. გარდა ამისა, მეორე ტური ლუკაშენკოსთვის ფაქტობრივად უკვე დამარცხებას ნიშნავს.“

კრემლში ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ბელარუსმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა აღნიშნა, რომ მედვედევსა და ლუკაშენკოს შორის შერიგებამ ოპოზიციის და საპროტესტო ელექტორატის ენთუაზიაზმს დიდი დარტყმა მიაყენა.

შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატება ეს შერიგება, იაკოვლევსკიმ განაცხადა:

„მოსკოვში ბოლო ვიზიტამდე ლუკაშენკოს მხრიდან ანტირუსული გამოსვლების და განცხადებების მთელი სერია იყო. ის ღიად გამოხატავდა პროტესტს კრემლის პოლიტიკის მიმართ. ასევე ის თავის თავს წარმოაჩენდა ბელარუსის სუვერენიტეტის ერთადერთ დამცველად. მოსკოვის მხრიდან კი ლუკაშენკოს მიმართ იყო სერიოზული ბრალდებები და კრემლი ამას წარმოაჩენდა როგორც არასანდო პარტნიორს. რაც შეეხება მიღწეულ კომპრომისებს, ეს უკვე ცნობილია. მათ შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომ ბელარუსი რუსეთიდან მიიღებს დაუბეგრავ ნავთობს და ამავდროულად, რაშიც კომპრომისის მთავარი არსი მდგომარებს, საბაჟო კავშირის გარეთ საზღვრებზე ნავთობი დაიბეგრება ასი პროცენტით და ეს იქნება მთლიანად რუსული ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ფული.“

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამყარდეს ბელარუსის პარლამენტის მიერ საბაჟო კავშირის (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი) შეთანხმების რატიფიცირებით. ლუკაშენკომ რუსეთს მისცა პირობა, რომ წლის ბოლომდე ბელარუსის პარლამენტი ამ საკითხს მოსკოვის სასარგებლოდ გადაწყვეტს. სავარაუდოდ ეს მოხდება 23 დეკემბერს, ანუ არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებიდან ოთხ დღეში.

რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს. მათ ვერ შეძლეს ერთიან კანდიდატზე შეთანხმება და ის ლუკაშენკოს წინააღმდეგ 9 კანდიდატითა წარმოდგენილი, რაც იაკოვლევსკის აზრით, რა თქმა უნდა ხელისუფლებას აძლევს ხელს. ბელარუსი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველაზე გავლენიანი ლიდერები ანდერი სანიკოვი და ვლადიმირ ნეკლიაევი არიან. პირველი ჯერ კიდევ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღიდანვე პოლიტიკაშია. სანიკოვს შუშკევიჩის ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მეორე კი პოეტი და პროზაიკოსია. ამავდროულად, ნეკლიაევი ხელმძღვანელობს სამოქალაქო მოძრაობას „თქვი სიმართლე.“ ანდრეი სანიკოვი კი მოძრაობა „ევროპული ბელარუსს“ და ასევე „ქარტია 97“-ს უდგას სათავეში. იაკოვლევსკის თქმით, სწორედ ეს ორი პიროვნება ასრულებს ოპოზიციაში ლიდერთა ტანდემის ფუნქციას.

„აი სწორედ ეს ორი ფიგურა იწვევს ლუკაშენკოს შეშფოთებას. ის მათ პირდაპირ ეძახის პრორუს პოლიტიკოსებს, რომლებიც დახმარებას რუსეთიდან იღებენ. ასევე ვრცელდება ხმები, რომ სანიკოვს აფინანსებს ბერეზოვსკიც. თუმცა, მე რამდენადაც ვიცი სანიკოვს საკმაოდ ძლიერი პოზიციები გააჩნია ამერიკულ ისტებლიშმენტში, როგორც მკვლევარების, ასევე პოლიტიკოსების სახით. ის მეგობრობს ბრუს ჯექსონთან, ქრისტოფერ სმიტთან და სენატორ მაკეინთან. რაც შეხება ნეკლიაევს, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მისი დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის რუსეთიდან, თუმცა, ეს არ არის კრემლის ფული. მე რამდენადაც ვიცი, მას აფინანსებენ რუსეთში მოღვაწე ბელარუსი ბიზნესმენები,“ - განაცხადა იაკოვლევსკიმ.

რაც შეეხება ქართველი დამკვირვებლების ჩასვლას ბელარუსში და მათ მიმართ სანიკოვის და ბონდარენკოს პოზიციას, იაკოვლევსკიმ განაცხადა:

„დამკვირებლები წარმოადგენენ სააკაშვილის ხელისუფლების სტრუქტურებს, რომელიც დღეს ლუკაშენკოს მოკავშირედ ითვლება და აღიქმება. თუკი ამ ჯგუფს შევადარებთ უკრაინის არჩევნების დროს დონეცკში ჩასულ ქართველ დამკვირვებლებს, რომლებმაც დიდი ხმაური გამოიწვიეს, ამჯერად სულ სხვა ვითარება და ქართველების მისია ამ არჩევნების აღიარებაში მდგომარეობს.“

ბელარუსი ექსპერტის თქმით, 19 დეკემბერს ბელარუსში არავითარი რევოლუცია და ცვლილება არ არის მოსალოდნელი. თუმცა, იაკოვლევსკიმ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის და ბელარუსის პრემიერ-მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივ აირზე ფასების გადახედვასთან დაკავშირებით, რაც უკვე მომავალი წლიდან ბელარუსში გამოიწვევს ფასების მომატებას გაზზე და შესაბამისად ცხოვრების პირობების აშკარა გაუარესებაა. ეს კი აუცილებლად იქონიებს გავლენას ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

XS
SM
MD
LG