ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაბჩენკოს ინციდენტი - რეაქციები და შეფასებები


არკადი ბაბჩენკო

ხუთშაბათს, კიევში გამართულ სახელდახელო პრესკონფერენციაზე, 41 წლის რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რუსეთიდან უკრაინაში გახიზნული კრემლის კრიტიკოსი, საკუთარი მკვლელობის ინსცენირების დეტალებს ყვებოდა. მისი თქმით, მკვლელობის მოდელირებისთვის უკრაინის უშიშროებამ ღორის სისხლი გამოიყენა. სროლის შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანით მორგში გადაიყვანეს და იქ უკვე გაკეთდა ექიმის განცხადება, რომ ბაბჩენკო მკვდარია.

კიევის პოლიციამ ოთხშაბათს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბაბჩენკო თავის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. კრემლის ცნობილი კრიტიკოსის დაღუპვის ფაქტი რამდენიმე წუთში მთელი მსოფლიოს მედიით გავრცელდა. წყაროების უმრავლესობაში მთავარ ეჭვმიტანილად მოსკოვი სახელდებოდა. რუსეთი კი თითს უკრაინისკენ იშვერდა.

ბაბჩენკოს სიმულაციური მკვლელობიდან 24 საათი გავიდა მანამ, სანამ უკრაინის უშიშროებამ სიმართლე გაამხილა და ეს ამბავი მსოფლიო მედიასთან ერთად, ბაბჩენკოს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა შეიტყვეს. კიევი უშიშროების ოპერაციას რუსეთის მხრიდან დაგეგმილი მკვლელობის აღკვეთის აუცილებლობით ხსნის. თვითონ ბაბჩენკომ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ მკვლელობის სცენა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიგეგმა და მას მაშინ ჰქონდა არჩევანი, უარი ეთქვა ოპერაციაზე.

მომხდართან დაკავშირებით უამრავი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩატარებული ოპერაციის ეთიკური მხარე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგრამ, ეთიკას რომ თავი დავანებოთ, მათ ასევე აშფოთებთ მომხდარის შესაძლო პოლიტიკური შედეგები. „ამერიკის ხმა“ რამდენიმე ექსპერტს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ იყო ძირითადად უარყოფითი რეაქციები დასავლეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე ჟურნალისტურ წრეებში.

მომხდარს კრიტიკულად უყურებს მაიკლ კარპენტერი, წარსულში პენტაგონში თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე, რომელიც ვაშინგტონში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლება. მისი თქმით, თუკი ეს ჟურნალისტის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, მაშინ კიდევ შეიძლება ამ ფაქტს რაიმე გამართლება ჰქონდეს. „თუმცა, ჩემი აზრით, არსებობს შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ორივეს სანდოობას, როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების, ასევე მთლიანად მთავრობის და მისი ინსტიტუტების სანდოობას“- აღნიშნავს კარპენტერი. ის ბაიდენის ცენტრში დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორია.

კარპენტერის შეფასებას ბევრი ანალიტიკოსი იზიარებს. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსეთმა შესაძლოა ერთი კრიტიკოსის განეიტრალება ვერ შეძლო, მაგრამ კრემლმა ამ დღეებში უფრო მასშტაბური, პროპაგანდისტული ომი მოიგო. რუსეთი ყოველთვის შეეცდება გამოიყენოს ეს ფაქტი, როცა უკრაინას ყალბი ინფორმაციის გავრცელებას დასწამებს.

რუსულმა მედიამ არ დააყოვნა. შედარებით დამოუკიდებელი წყაროებიც კი წერდნენ, რომ ბაბჩენკოს ინციდენტმა „ყალბი მედიის“ ცნება სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა. „ბაბჩენკოს „მოკვლის“ შემდეგ, გაცილებით რთული იქნება არამარტო მედიის დაჯერება, არამედ ოფიციალური განცხადებებისაც“ - წერს „ვედომოსტი“.

რუსული მედიის პუბლიკაციების მიმოხილვის შემდეგ, ნატალია ანთელავა გამოცემაში „ქოდა სთორი“ წერს, რომ მოსკოვს შესაძლებლობა ეძლევა თავი გამოიყვანოს არა თავდამსხმელად, არამედ მსხვერპლად. „რუსეთის მთავრობის და მისი მედია-მანქანისთვის, უკრაინაში მომხდარი იმის დადასტურებაა, რასაც ისინი აქამდეც გამუდმებით ამტკიცებდნენ. დასავლეთთან მიმდინარე დეზინფორმაციის ომში მოსკოვი მსხვერპლია და არა თავდამსხმელი“.

მედიის ექსპერტების დიდი ნაწილიც ამ აზრისაა. ბაბჩენკოს ინციდენტი მედიისთვისაც დიდი დარტყმაა, მითუმეტეს დღევანდელ რეალობაში, როცა ადამიანს საინფორმაციო საშუალებების იმხელა არჩევანი აქვს, რომ ზოგჯერ ნამდვილი და ყალბი ამბის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დაგმო ბაბჩენკოს მოდელიერებული მკვლელობა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტს არანაირი გამართლება არ აქვს. „სამწუხარო და შემაშფოთებელია ის, რომ უკრაინის უშიშროებამ გამოსავალი სიმართლით მანიპულირებაში ნახა“- ამბობს ორგანიზაციის გენერალური მდივანი კრისტოფ დელორი.

ფრენკ სესნო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა განმარტოს, თუ რა მოხდა კიევში. მისი თქმით, ახლა უკრაინის უსაფრთხოებას მარტო ერთი გამოსავალი აქვს: მაქსიმალური გამჭვირვალობით ახსნას, თუ როგორ დაიგეგმა ოპერაცია, ვინ გასცა განკარგულება, როგორ განხორციელდა ის ეტაპობრივად და რა კონკრეტულ მიზანს მიაღწიეს, რა შედეგი მიიღეს.

მეტი გამჭვირვალობის მომხრეა კურტ ვოლკერიც, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში. მისი აზრით, „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინელებმა საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელმაც ისინი ამ ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა“. ვოლკერის თქმით, სიმართლეა ის, რომ რუსეთი დამიზნებულ მკვლელობებს ახორციელებს უკრაინა იქნება ეს, ბრიტანეთი, თუ ვაშინგტონიც კი, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯი მეტ ახსნა-განმარტებას საჭიროებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კურტ ვოლკერის აზრით, უკრაინის ბრალდება რუსეთის მიმართ, უსაფუძვლო გახდება. „უკრაინელებში მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ის, რაც სინამდვილეში მოხდა. მაგრამ მათ მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ“ - აღნიშნავს თეთრი სახლის წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG