ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

49 სომეხი ჯარისკაცია მოკლული აზერბაიჯანთან მომხდარ ახალ შეტაკებაში; სიტუაცია რთულია


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტს მიმართავს. ერევანი, სომხეთი. 13 სექტემბერი, 2022 წ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტს მიმართავს. ერევანი, სომხეთი. 13 სექტემბერი, 2022 წ.

ერევნის განცხადებით, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებულ დაპირისპირებაში სომხეთმა სულ ცოტა, 49 ჯარისკაცი დაკარგა. განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აკეთებს. მომხდარს დაუყოვნებლივ მოჰყვა საერთაშორისო გამოძახილი, რომლითაც დაპირისპირებულ კავკასიურ მხარეებს ბრძოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებით, მცირე ზომის დაპირისპირება იშვიათობას არ წარმოადგენს. წვრილ-წვრილ შეტაკებებს ხშირად ჰქონდა ადგილი, როგორც მანამდე, ისე განახლებულ მასშტაბურ ესკალაციამდე, რომელიც 2020 წელს შეწყდა.

"სამშაბათს, დილის 5 საათზე აზერბაიჯანმა სომხეთის სამხედრო პოზიციების მისამართით, არტილერიით და მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით, ინტენსიური ცეცხლი გახსნა გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით" - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

აზერბაიჯანის თავდაცვა თავის მხრივ აცხადებს, რომ წინა ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფებმა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციების დამაკავშირებელი გზები დანაღმეს. ბაქოს განცხადებით, სწორედ ამ "დივერსიული აქტების" აღსაკვეთად, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან.

როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი მორიგ ესკალაციას ერთმანეთს აბრალებს. საბრძოლო მოქმედებები ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ახლაც გრძელდება. "ამ მომენტისთვის მოკლულია 49 [ჯარისკაცი], სამწუხაროდ ეს საბოლოო მონაცემი არ არის" - უთხრა მან დღეს ერევანში შეკრებილ პარლამენტის წევრებს. ფაშინიანის თქმით, ეს ნაბიჯი აამოქმედებს რეგიონის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებას, რომლის ლიდერიც რუსეთია და ასევე გახდება გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი.

მოსკოვმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში დეესკალაცია მოხდეს. "პრეზიდენტი ყველა მცდელობას მიმართავს, რათა ხელი შეუწყოს საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციას. ეს მცდელობები გრძელდება" - განაცხადა პრესკონფერენციაზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან სხვა დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.

პრესკონფერენციამდე, მოსკოვის დროით დილის 9 საათზე რუსეთის საგარეო უწყებამ თქვა, რომ მოსკოვის შუამავლობით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ამის შემდეგ აზერბაიჯანული მედია იუწყებოდა, რომ შეთანხმება რამდენიმე წუთში დაირღვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი სომხეთის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებს პასუხობენ. ბაქო უარყოფს, რომ მათი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, რაშიც მათ ერევანი ადანაშაულებს. "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის საცეცხლე პოზიციების განეიტრალების მიზნით, ლიმიტირებულ და დამიზნებულ ზომებს იღებს" - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ბაქო ასევე ამბობს, რომ დანაკარგებია მათი არმიის რიგებშიც, თუმცა მსხვერპლის რაოდენობას არ აზუსტებს. თურქეთმა, აზერბაიჯანის ტრადიციულმა მოკავშირემ, მომხდარში სომხეთი დაადანაშაულა და ერევანს "პროვოკაციების შეწყვეტისკენ" მოუწოდა.

ერევნის ცნობით, ფაშინიანი სასწრაფოდ დაუკავშირდა მსოფლიოს ლიდერებს და მათგან "ადეკვატური რეაქცია" მოითხოვა. პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის ესაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს - ენტონი ბლინკენს და საფრანგეთის პრეზიდენტს - ემანუელ მაკრონს.

ბლინკენმა "ღრმა შეშფოთება" გამოხატა შექმნილი ვითარების გამო. "გარკვევით ვამბობდით და ვამბობთ, რომ კონფლიქტის ომით მოგვარების გზა ვერ იარსებებს" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და მხარეებს საომარი ქმედებების "დაუყოვნებლივ" შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავეე დაწყებული 1991-1994 წლების ომის დასრულების შემდეგ, რეგიონი ეთნიკური სომხური ძალების კონტროლქვეშ იყო. კონფლიქტში სულ ცოტა, 30 000 ადამიანი დაიღუპა. თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ, 2020 წელს მორიგი მსხვილმასშტაბიანი ესკალაცია დაიწყო, რის გამოც 6 500-მდე ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 6-კვირიანი კონფლიქტი რუსეთის ჩარევით დასრულდა და 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მთიანი ყარაბაღი დაახლოებით 2 000 რუსი სამშვიდობოს მიერ კონტროლდებოდა.

ბოლო შეტაკება აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ამ წლის 1-3 აგვისტოს მოხდა. აზერბაიჯანმა მაშინ 1 ჯარისკაცი დაკარგა, სომხეთმა კი - 2. კავკასიური ქვეყნების ლიდერები, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ბოლოს დაახლოებით 2 კვირის წინ, 31 აგვისტოს ბრიუსელში შეხვდნენ. ამჯერად მოლაპარაკებაზე შუამავალი ევროპის კავშირი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG