ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი 16 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება 


ერევნის ცნობით, 16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებების დროს 6 სომეხი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა.

ქვეყნებს შორის ერთ წელზე მეტია ვითარება უკიდურესად არის გამწვავებული. გასული წლის ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში წლის განმავლობაში არაერთი შეტაკება მოხდა. ბოლოს ვითარება უკიდურესად 16 ნოემბერს დაიძაბა, რა დროსაც აზერბაიჯანელმა და სომეხმა სამხედროებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

კონფლიქტის ეს ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც პროცესებში მოსკოვი ჩაერთო და მხარეეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ესაუბრა. შარლ მიშელის სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 დეკემბერს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება, სადაც ბოლო დროს მთიან ყარაბაღში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელებენ.

„პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვედრა შეთავაზა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება, სადაც რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. იმსჯელებენ იმაზეც, თუ როგორ უნდა განიმუხტოს რთული ვითარება სამხრეთ კავკასიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ალიევთან და ფაშინიანთან საუბრის დროს კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება სპეციალური პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზი, რომელიც ინციდენტების პრევენციისთვის იქნება გამოყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG