ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გადატვირთვის" პოლიტიკა საფრთხეშია


"გადატვირთვის" პოლიტიკა საფრთხეშია

დღეს, მოსკოვში ჯგუფმა, რომელსაც „პუტინის მომხრეთა ბანაკ-ის“ სახელით იცნობენ აშშ-ის საელჩოს წინ ბლიც-საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილები იმდენად სწრაფად დაიშალნენ რომ მოქმედების ადგილას ჟურნალისტებმაც ვერ შეძლეს მისვლა.

დეკემბერში, ამერიკის საელჩო რუსული პოლიტიკური ელიტის ყურადღების ცენტრში მოექცა და ერთერთ წინა-საარჩევნო თემად იქცა.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ამერიკის მთავრობა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების მფარველობასა და სპონსორობაში დაადანაშაულა. მმართველი პარტიის კანონმდებლებმა კი მოღალატედ შერაცხეს პარლამენტის ნებისმიერი წევრი, რომელიც ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე შევიდოდა.

ამერიკის ელჩად მუშაობის მეორე დღეს, მაიკლ მაკფოლი სახელმწიფო ტელევიზიით საიდუმლო მისიის ქონაში ამხილეს და მას რუსეთში ე.წ. არაბული გაზაფხულის მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი.

დებატები გრძელდება ამერიკის საელჩოს კედლებს გარეთაც. განსაკურებით, იმასთან დაკავშირებით თუ რა ბედი ელის "გადატვირთვის" პროცესს. ან რამდენად არის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლოდროინდელი დაძაბულობა წინასაარჩევნო პოლიტიკის ნაწილი.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ნეგატიური შინაარსის განცხადებებს საკუთარი წინა-საარჩევნო რეიტინგის გასაზრდელად აკეთებს.

პეტროვი: „ამ ეტაპზე, კრემლი არჩევნებზეა აქცენტირებული და ანტი-ამერიკული მესიჯი ერთერთი იმ შესაძლებლობათაგანია, რომელიც მას წარმატების წინაპირობად მიაჩნია.“

პეტროვის განცხადებით, კენჭისყრამდე სამი კვირით ადრე პუტინს მტრის ხატის შექმნა მაქსიმალურად სწრაფად სურს.

პეტროვი: "ამ როლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები, ერთადერთი ზესახელმწფო, საუკეთესო კანდიდატია.

თავდასხმა მაიკ მაკფოლზე კი პირდაპირ თეთრ სახლზე გადის. თუ ანალოგიური დამოკიდებულება ამერიკელი დიპლომატის მიმართ 4 მარტის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა, გამორიცხული არ არის ბარაკ ობამამ ჩათვალოს რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკა დასრულებულია და რომ გაღებული დრო და ძალისხმევა არაფრისმომტანი ინვესტიციაა.

სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი გაიმარჯვებს და ეს ან პირველი ან არჩევნების მეორე რაუნდის შემდეგ მოხდება.

რუსეთის ახალი პრეზიდენტი, ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე კი ჩიკაგოში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და დიდი რვიანის სამიტზე დასასწრებად გაემართება.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, პუტინმა რუს ჟურნალისტებს უკვე განუცხადა, რომ ნატო ცივი ომის გადმონაშთს წარმოადგენდა და რომ გამოსავალი ალიანსის დაშლა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტი უკვე სამი წელია რაც არის, ის პუტინს საკმაოდ ცუდად იცნობს. პროტოკოლიდან გამომდინარე, ამერიკელი პრეზიდენტები ყოველთვის რუსეთის პირველ პირებს ხვდებიან. შესაბამისად, გადატვირთვის პოლიტიკაზე ბოლო სამი წელია ორი ქვეყნის პრეზიდენტი მუშაობს და თანამშრომლობის მიზნით საერთო ინტერესის საკითხებზე აკეთებს აქცენტს.

ამ პერიოდში, რუსეთმა ირანისთვის ანტი-სარაკეტო სისტემების გაყიდვა შეწყვიტა და ნატოს სამხედრო დანადგარების ავღანეთში გადასვლის შესაძლებლობა დაუშვა საკუთარ ტერიტორიაზე. ვაშინგტონი, საპასუხოდ, რუსეთს დაეხმარა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე.

ანალიტიკოსი მარკ ფეიგინი თვლის, რომ „გადატვირთვა“ ჯერ კიდევ მოქმედებს:

მიმომხილველის აზრით, არჩევნებიდან ცოტა ხანში კრემლი ანტი-ამერიკულ რიტორიკას შეასუსტებს და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებისთვის მიყენებული ზარალის მინიმიზაციას შეეცდება.

მისივე განმარტებით, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური ექსპერტების ერთი ჯგუფია, ცივი ომის რიტორიკა მალე თებერვლის თოვლივით გადნება.

XS
SM
MD
LG