ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუცილებელია ალიანსმა გაწევრიანების მსურველ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, დაანახოს, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის წინსვლა არ უნდა შეწყვიტონ

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში 1 მარტს მოსმენა გაიმართა, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩიკაგოში დაგეგმილ სამიტს და შეერთებული შტატებისა და ნატოს ურთიერთობას დაეთმო. კომიტეტის სხდომას დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. კომიტეტს ჩვენება ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა მისცა, რომელიც ამჟამად ნატოს სარდლობის მეთაურია.

სენატორმა შაჰინმა სენატორ ჯონ მაკეინს და კომიტეტის თავმჯდომარე კარლ ლევინს მადლობა გადაუხადა მოსმენის ორგანიზებისთვის და მასში მონაწილეობის მიღებისთვის. ამ მოსმენით, შეიარაღებული ძალების კომიტეტი 2013 წლისთვის ობამას ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი თავდაცვის ბიუჯეტის დაცვას ისახავდა მიზნად.

შაჰინის განცხადებით, მაისში ჩიკაგოში დანიშნული ნატოს სამიტი შეერთებული შტატებისთვისა და ამერიკის ევროპელი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სენატორის განცხადებით, სამიტზე განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ავღანეთი იქნება. თუმცა ასევე განიხილება ნატოს ახალი სტრაგეტია - ეგრეთ წოდებული, ჭკვიანი თავდაცვა - რომელიც წევრი ქვეყნების ბიუჯეტის შემცირებასთან ერთად ალიანსის შესაძლებლობებისა და თავდაცვისუნარიანობის გამყარებას ისეახავს მიზნად.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სამიტზე აუცილებლად ისაუბრებენ ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკა იქნება. ქალბატონი შაჰინის განცხადებით, სამიტზე ნატოს გაფართოვება არ მოხდება. თუმცა, ამასთან აუცილებელია ალიანსმა გაწევრიანების მსურველ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, დაანახოს, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის წინსვლა არ უნდა შეწყვიტონ.

სენატორმა შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი არაერთ ხმაურიან განცხადებას გააკეთებს, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არცევნების შემდეგ. ასევე მოსალოდნელია უთანხმოება ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით. სენატორის თქმით, ეს საკითხები ჩიკაგოს სამიტზე ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას მინიმალური იქნება.

მოსმენაზე რამდენიმე კითხვა გამომსვლელებს დაუსვა სენატორმა მაკეინმაც.

XS
SM
MD
LG