ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში რეფერენდუმის იმედი აქვთ


ლიბიაში რეფერენდუმის იმედი აქვთ
ლიბიაში რეფერენდუმის იმედი აქვთ

ლიბიელები დემოკრატიას დაუჭერენ მხარს, მაგრამ მათ არჩევნებში თავისი აზრის გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეთ.

ლიბიის განთავისუფლების შემდეგ ხალხი დიდ ეიფორიაში იმყოფებოდა. ტრიპოლის ბაზარი გადაჭედილი იყო და ლიბიელები მომავალს იმედის თვალით უყურებდნენ.

მათ შორის იყო მოჰამად ალ-ჯადი, ინჟინერი, რომელსაც შეერთებულ შტატებში აქვს განათლება მიღებული. მისი თქმით:

“მე ძალზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა რომ შევძლებთ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას.“

ბაზართან მდგარი მძღოლებიც იგივე აზრის არიან:

“ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენდით ამ დღეების დადგომას. მთელი ჩვენი ცხოვრება დიდი წნეხის ქვეშ გავატარეთ, მაგრამ როგორც იქნა ვეღირსეთ თავისუფლებას.“

როგორც ტრიპოლის კიდევ ერთი მაცხოვრებელი ამბობს:

“მე ბედნიერი ვარ, რომ ახალ ლიბიას მოვესწარი, ახალგაზრდები ჩაუდგნენ რევოლუციას სათავეში და გაანთავისუფლეს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა შეიწყალოს თავდადებულთა სულები.“

თუმცა ლიბიის განთავისუფლების დღეს ეროვნული გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარის მუსტაფა აბდულ ჯალილის სიტყვამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რადგან ამ სიტყვაში მათ ისლამური ტრადიციების აღორძინების საფრთხე დაინახეს, რომელიც მოდერნიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

საპროგრამო სიტყვამ თავად ლიბიელთა შორისაც გამოიწვია შეკითხვები. როგორც ლიბიის ახლი გაზეთის “მერმეიდის” რედაქტორი ფატი ბინ ისა აცხადებს:

“რევოლუცია არ შეიძლება დამთავრებულად ჩაითვალოს, თუ ის თავის მიზნებს არ მიაღწევს. რევოლუციის მიზანი კი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვა უნდა გახდეს.“

ბინ ისა დარწმუნებულია, რომ ლიბიელები დემოკრატიას დაუჭერენ მხარს, მაგრამ მათ არჩევნებში თავისი აზრის გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეთ.

ტრიპოლის მთავარ მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე შეკრებილი ხალხიც იმავე აზრისაა:“ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს პარტიების ჩამოყალიბების პროცესი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლიბიელებს დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება სურთ. ეს ზომიერი ისლამური ქვეყანა იქნება.“

კიდევ ერთი ლიბიელი გამოხატავს თავის პოზიციას:

“ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ გამარჯვების მისაღწევად, ახლა კი სწორი პოლიტიკით ვაპირებთ თავისუფლების მოპოვებას.“

ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ლიბია ცალსახად ისლამური ქვეყანაა, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ის ლიბერალური და ზომიერი სახელმწიფო იქნება. ათწლეულების მანძილზე ამ ქვეყანაში არსებულმა დიქტატურამ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სწრაფვა გაუღვიძა.

XS
SM
MD
LG