ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ნარკომან ქალთა რაოდენობა 80 ათასამდე გაიზარდა


საქართველოში ნარკომან ქალთა რაოდენობა 80 ათასამდე გაიზარდა
საქართველოში ნარკომან ქალთა რაოდენობა 80 ათასამდე გაიზარდა

თბილისში, სასტუმრო ”ვერე-პალასში” ნარკოლოგების, ექსპერტების, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის წევრთა მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა წამალდამოკიდებულ ქალთა პრობლემებზე.

ოფიციალური მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1000 ქალი იხდის სასჯელს, აქედან 35 %-ი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან ნარკოდანაშაულისთვის. საერთოდ საქართველოში 80 ათასი ქალი ნარკოტიკს მოიხმარს, ხშირ შემთხვევაში კუსტარულად დამზადებულს, შედარებით იაფს, რაც მათ ჯანმრთელობას უმძიმეს ზიანს აყენებს - ამბობენ ნარკოლოგები.

ამ სერიოზული პრობლემის დაძლევას მხარს უჭერს ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”, მრგვალი მაგიდის მონაწილის, ფონდის წარმომადგენლის მარი ჩოხელის თქმით, ფონდი ზიანის შემცირების პროგრამების მხარდაჭერას 2006 წლიდან ახორციელებს .

მიმდინარე, 2011 წლის მაისის თვეში შიდსის ცენტრის მონაცემებით, 2 840 ინფიცირების შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთა შორის 750 არის ქალი, ნარკოტიკების მომხმარებელი.

"მათ შორის ძალიან მაღალია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა " - ამბობს კავშირის ”ნაბიჯი მომავლისკენ” დირექტორი ქეთი ბიძინაშვილი ქ.გორიდან :

” მინდა გითხრათ, რომ გორს შეეხო ეს სენი ისევე, როგორც მთელ საქართველოს. განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი, შიდა ქართლის რეგიონი, სადაც არის ძალიან ბევრი უმუშევარი, იძულებით გადაადგილებული პირი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ ქალებში მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების ზრდა.

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შუალედური მონაცემების დათვლით გამოკითხულ წამალზე დამოკიდებულ ქალთა 68 %-ი აღიარებს, რომ ბავშვობაში იყო ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 90 %-ი ამბობს, რომ ის დღესაც არის ძალადობის მსხვერპლი. ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდება ნარკოტიკების მომხმარებელი, იმიტომ რომ გაექცეს რეალობას”.

ექიმი -ნარკოლოგი, საქართველოში ”ზიანის შემცირების ქსელის” თავმჯდომარე ზურაბ სიხარულიძე თვლის, რომ საქართველოს კანონმდებლობაში 273-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რომელიც წამალზე დამოკიდებული ადამიანების დასჯას გულიხმობს: პარლამენტში ორი კანონპროექტია შესული, როგორც მთავრობის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. წარდგენილი კანონპროექტების ძირითადი განსხვავება არის ის, რომ სამთავრობო პროექტი კვლავ მომხრეა ადმინისტრაციული ჯარიმების, ჩვენ ამის მომხრე არ ვართ. კანონპროექტების განხილვა არ ხდება უკვე 4 წელი, ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ამ კანონის მიღება სისხლის სამართლის კოდექსში ბევრი ცვლილების აუცილებლობას გამოიწვევს”.

ზურაბ სიხარულიძე თვლის, რომ წამალზე დამოკიდებული ქალებისთვის ცალკე ცენტრები უნდა გაიხსნას, სადაც ისინი ჩანაცვლებით თერაპიას გაივლიან, იმიტომ რომ მისივე თქმით, ამ ქალების მიმართ მამაკაცების მხრიდან ადგილი აქვს ”საშინელ აგრესიას”.

XS
SM
MD
LG