2 სექტემბერს ვაშინგტონში შერთებული შტატების შუამავლობით პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო ისრაელის და პალესტინის ლიდერებს შორის. ბენიამინ ნათანიაჰუს და მაჰმუდ აბასის გარდა, ამ მოლაპარაკებებში იორდანიის და ეგვიპტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
მართალია რუსეთი ამერიკასთან, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კვარტეტის წევრია, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ის არ მიიჩნევს ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად. ჰამასი კი ვაშინგტონის მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამოდის.
რუსეთის ამგვარი პოზიციის გამო დოჰაში ბრუკინგსის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი შეიდი ხამიდი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ისრაელ-პალესტინის პირდაპირ მოლაპარაკებებში აქტიურად ვერ ჩაერევა, სამაგიეროდ მას შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს ჰამასთან დაკავშირებული ღაზის სექტორის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში.
როგორც ბატონი ხამიდი აცხადებს:
“ ობამას ადმინისტრაციას წარმოდგენა არა აქვს როგორ გადაწყვიტოს ეს პრობლემა და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებების პარალელურად შესაძლოა ჰამასთან შუამავლობა გასწიონ იმგვარმა ქვეყნებმა, რომლებსაც ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის, თურქეთის და კატარის ჩათვლით.“
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჰამასის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და პატრიარქს ალექსეი მეორეს შეხვდა, რამაც დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია. მაგრამ როგორც შეიდი ხალიდი ამბობს:
“ მიუხედავად იმისა რომ ჰამასი არ მონაწილეობს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მისი ჩამოწერა მაინც არ შეიძლება, რადგან ეს ორგანიზაცია პალესტინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს."
როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში განაცხადა იმისათვის, რომ ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებიდან ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცეს საჭიროა მისი ჩართვა სამშვიდობო პროცესებში, ამისათვის კი აუცილებელია „ფათჰის“ და „ჰამასის“ შერიგება და მაჰმუდ აბასის ხელმძღვანელობით, პალესტინის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ისრაელთან გამართავს მოლაპარაკებას.
რუსეთის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ევგენი სატანოვსკი სკეპტიკურად უყურებს ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებებს და რუსეთის როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მისი აზრით, შეერთებული შტატების აქტიურობა პრეზიდენტ ობამას ამბიციებით არის განპირობებული, რომელსაც ისტორიაში შესვლა უნდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებით. რაც შეეხება რუსეთს, ბატონი სატანოვსკის განცხადებით მოსკოვი გულგრილად უყურებს პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობებს, რადგან მას არანაირი ეკონომიკური ინტერესები არ გააჩნია პალესტინაში. ისრაელთან კი პირიქით, რუსეთს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლების და თავდაცვის სფეროში.
ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინის ლიდერთა შეხვედრის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობასთან პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ამერიკაში პალესტინური ემიგრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათი ლიდერის ხატემ ადუ-დაიეხის განცხადებით:
“გასული საუკუნის 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში, როდესაც მსოფლიოში ორი ზესახელმწიფო არსებობდა საბჭოთა კავშირი მართლაც დიდ დახმარებას უწევდა პალესტინელებს, მაგრამ დღეს შეერთებული შტატების ჰეგემონიის პირობებში რუსეთიდან მომავალი მხარდაჭერა მინიმუმამდე დავიდა. ამიტომაც ახლო აღმოსავლეთის ბედ-იღბალი ახლა ვაშინგტონში წყდება."
პალესტინელი აქტივისტის განცხადებით, როდესაც რუსეთში პოლიტიკური სისტემა შეიცვალა და კაპიტალიზმი დამყარდა, მოსკოვმა მთელს მსოფლიოში შეწყვიტა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების მხრადაჭერა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ამგვარი მოძრაობები კრემლმა უკვე საკუთარი იმპერიის წიაღში მიიღო.