ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკადრო ცვლილებები აშშ-ს სარდლობაში


ახალი სარდლის მთავარი ამოცანაა-მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციები სწორად წარმართოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სტრატეგია ავღანეთში უცვლელი დარჩება მიუხედავად იმისა, რომ მან თანამდებობიდან დაითხოვა ავღანეთში საომარი მოქმედებების მთავარსარდალი გენერალი სტენლი მაკრისტალი.

როგორც ცნობილია, გენერალმა მაკრისტალმა თანამდებობა ოთხშაბათს დატოვა ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებული გახმაურებული სტატიის გამო, რომელშიც ნახსენები იყო, რომ გენერალი და მისი ქვეშერმდომები ობამას ადმინისტრაციას დასცინოდნენ. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა აღნიშნა, რომ მაკრისტალის შეუფერებელ შენიშვნებში აისახა გენერლის „მცდარი გამჭრიახობა.“

ივნისი ავღანეთში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი თვე აღმოჩნდა.

მიმდინარე თვის მანძილზე იქ უკვე 79 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასობაში კი შეერთებულმა შტატებმა იქ დისლოცირებული ძალების ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განახორციელა.

გენერალმა სტენლი მაკრისტალმა ობამას ადმინისტრაციას გადადგომის თხოვნით მიმართა მას შემდეგ,რაც ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებული სტატიის გამო ცნობილი გახდა, რომ გენერალმა და მისმა ქვეშემრდომებმა ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირების შესახებ დამამცირებელი შენიშვნები გააკეთეს.

მის სანაცვლოდ პრეზიდენტმა ობამამ დანიშნა შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი დეივიდ პეტრეუსი, რომელიც მაკრისტალის ყოფილი უფროსი იყო.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სარდლობაში საკადრო ცვლილებების მიუხედავად ავღანეთში შეერთებული შტატების პოლიტიკა უცვლელი დარჩება. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა:

„გენერალ პეტრეუსს კარგად ესმის ეს სტრატეგია,რადგან მან მის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩემის აზრით,იგი ამ სტრატეგიის განხორციელებას პირნათლად შეასრულებს.“

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერაყში მეამბოხეების წინააღმდეგ განხორციელებული სტრატეგიის წარმატება სწორედ პეტრეუსის დამსახურებაა. გასულ თვეს გენერალმა პეტრეუსმა განაცხადა, რომ მას კარგად ესმის ის თუ რამდენად რთული იქნება ავღანეთში სტაბილური მდგომარეობის მიღწევა. მისი თქმით:

„ისევე როგორც ეს იყო ერაყში, რეალობა ის არის, რომ ავღანეთში ყველაფერი რთული იქნება. ჩვენ სირთულეებს უნდა ველოდოთ რადგან, როგორც წესი, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ყველაფერი უფრო რთულდება ხოლმე.“

პეტრეუსის მიდგომა სამხედრო მოქმედებების წარმართვის მიმართ უშუალო სტილით განსხვავდება. მაგალითად, იგი ხშირად პირადად ჩადის კონფლიქტის ზონაში.

მისი აზრით, სამხედრო მეთაური ყოველთვის სიმართლეს უნდა ამბობდეს იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებულია ესა თუ ის სამხედრო ოპერაცია.

ზოგიერთი მიმომხილველი კი აღნიშნავს, რომ ვიდრე პეტრეუსი ახალი ვალდებულებების შესრულებას შეუდგება ,ავღანეთში იქ რაიმე პროგრესის მიღწევაზე ლაპარაკი ნაადრევი იქნებოდა.

თუმცა თავდაცვის მინისტრის გეიტსის თქმით:

„არავის, ჩვენი მტრების ან მეგობრების, და განსაკუთრებით კი ჩვენი სამხედრო ძალები ჩათვლით, არ უნდა ეგონოს, რომ ამ საკადრო ცვლილებების გამო ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა ავღანეთის მიმართ შეიცვლება.“

პეტრეუსის მთავარი ამოცანა მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციების წარმართვა წარმოადგენს. მაგრამ ამ ამოცანის მიღწევაში მას სამოქალაქო ურთიერთობების განვითარებაც დასჭირდება.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების სამხედროები და დიპლომატები შეთანხმებულად უნდა ლაპარაკობდნენ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ კეინი შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში 30 წლის მანძილზე მსახურობდა. მისი თქმით, გენერალ მაკრისტალსა და ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩის კარლ აიკენბერის შორის ურთიერთობა ვერ შედგა.

კეინი აღნიშნავს, მაკრისტალისგან განსხვავებით, პეტრეუსმა ერაყის ოფიციალურ პირებთან კარგი ურთიერთობა დაამყარა, რამაც მნიშვენლოვნად განსაზღვრა ერაყში სტრატეგიის განხორციელების წარმატება.

პროფესორი კეინი აღნიშნავს:

„მიუხედავად იმისა, რომ მისი ურთიერთობა პოლიტიკურ სტრუქტურებთან გულთბილი იყო, იგი მათ ყოველთვის ცვლილებებს სთავაზობდა. ამდენად კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას გარდა ლიდერის საქმიანობაზე გავლენის მოხდენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.“

ზოგიერთი მიმომხილველი გენერალ პეტრეუსს აღიქვამს, როგორც სამომავლო საპრეზიდენტო კანდიდატს. ამ მიზნით, ვებ გვერდი პეტრეუსი 2012 შეიქმნა კიდევ, მაგრამ გენერალი პოლიტიკურ ამბიციებს უარყოფს.

თუმცა, ამ მხრივ ამერიკის ისტორიაში არსებობს პრეცენდენტები. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის სამხედრო გმირი გენერალი დუაით ეიზენჰაუერი შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ ოჰანლონი დასძენს:

„ეიზენჰაუერი, და, რასაკვირველია, ულისეს გრანტი...შეერთებულ შტატებში არსებობს დამკვიდრებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც გენერლები ქვეყნის ძლევამოსილ ლიდერებად გვევლინებიან.“

პეტრეუსისთვის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება მისი მემკვიდრეობის რადიკალური შეცვლის საწინდარი გახდეს. დღემდე მისი სახელი ერაყში წარმატებების მიღწევას უკავშირდებოდა, მაგრამ ახლა მის წინაშე სულ სხვა გამოწვევა დგას და იგი აღიარებს, რომ ამ ამოცანის მიღწევა ადვილი როდი იქნება.

შეერთებული შტატების სენატი გენერალ პეტრეუსს ახალ თანამდებობაზე მომავალ კვირას დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG