აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლას ეხება. ყველა სხვა ქვეყანასთან ერთად ანგარიშში საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი. ამ თემაზე დღეს ჩვენი გადაცემის რესპონდენტი პოლიტოლოგი, ბატონი ვაჟა შუბითიძე საუბრობს.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს სუპერ-სახელმწოფო ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს მსოფლიოში არსებული სიტუაციის შესახებ. ნარკოტიკების მოხმარება არის უდიდესი პრობლემა კაცობრიობისათვის. უდიდესი თანხები, მილიარდობით დოლარი იყრება ყოველწლიურად ამ სენში. მარტო საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ნარკომანი გვყავს. ეს რა თქმა უნდა დიდი უბედურებაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ნარკოტიკებთან ბრძოლა. აშშ-ს რეკომენდაციის მიხედვით, საჭიროა ნარკო-კონტროლის სტრატეგიის შემუშავება და ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის შექმნა. ჩემის აზრით, ამ საქმეში მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იყოს ჩართული. აქ უნდა ჩაერთოს მთელი ერი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ეკლესიამაც გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით. ნარკომანები ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას უნდა გადიოდნენ ეკლესიაშიც. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იქნება, ფსიქო-რეაბილიტაციის სხვადასხვა კერების აშენება, სადაც ნარკომანები გაჯანსაღდებიან და დაუბრუნდებიან ცხოვრებას სრულყოფილი მოქალაქეების სახით.
ჩემის აზრით, იგივე გერმანია, პოლონეთი, შვეიცარია და სხვა ევროპული ქვეყნები შეიძლება მოვიყვანოთ ნარკომანიასთან ბრძოლის მაგალითად. ამერიკას რაც შეეხება, მათ დააგროვეს ძალიან დიდი გამოცდილება ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში და ჩვენ გვჭირდება მათი არა მარტო გამოცდილება, არამედ მათი მატერიალური დახმარებაც. არ არის დასამალი, რო ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისაგან მარტო რჩევა-დარიგებებს არ ველით. ამერიკას ესაჭიროება ჯანსაღი მოკავშირე, სადაც ნარკომანია იქნება მეათეხარისხოვანი. ამიტომ საქართველოს მთავრობა და ამერიკის მთავრობა დარწმუნებული ვარ, ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ ამ კუთხით."