ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი დისიდენტი ლუკაშენკოს მთავრობას უპირისპირდება


ბელარუსი დისიდენტი ლუკაშენკოს მთავრობას უპირისპირდება
ბელარუსი დისიდენტი ლუკაშენკოს მთავრობას უპირისპირდება

გასულ თვეს რუსი ჟურნალისტი, რომელმაც ირინა ხალიპს ინტერვიუ ჩამოართვა, დააკავეს და რუსეთში გააგზავნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში ხალხი უკვე 17 წლის მანძილზე საბჭოთა სტილის დიქტატურული წყობის პირობებში ცხოვრობს, არიან ისინიც, ვინც მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან. ჟურნალისტი ირინა ხალიპი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც მას ძალიან ბევრის გადატანა უხდება, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მინსკიდან.

ჟურნალისტი ირინა ხალიპი 19 დეკემბერს მინსკში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დაკავების დროს იგი ფიჭვური ტელეფონით მოსკოვის „ეხო მოსკვის“ რადიოსადგურს ელაპარაკებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ კი პოლიციამ მის მეუღლეს ანდრეი სანიკოვს, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, ფეხები დაუმტვრია. ირინას მეუღლე საავადმყოფოში მიჰყვავდა, მაგრამ ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს ეტყობა სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

სანიკოვი საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე გახლავთ. იგი ამჟამად ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზებისთვის ხუთწლიან პატიმრობას იხდის. ხოლო ირინა ხალიპი ცოტა ხნის წინ ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად იგი უსაფრთხოების სამსახურის საკანში იმყოფებოდა, შემდეგ კი იგი მკაცრ საშინაო პატიმრობაში გადაიყვანეს.

გასულ თვეს რუსი ჟუნრალისტი, რომელმაც ირინა ხალიპს ინტერვიუ ჩამოართვა, დააკავეს და რუსეთში გაგზავნეს. მას ბელარუსში შესვლა ხუთი წლით აეკრძალა. ბელარუსის პოლიციამ ირინა ხალიპთან ინტერვიუს ჩანაწერი წაშალა.

გასულ კვირას ამერიკის ხმის კორესპონდენტი ირინა ხალიპს მინსკში შეხვდა და გაესაუბრა.

პარანოია, შიში და პანიკა - სწორედ ასე აღწერს ირინა ხალიპი ბელარუსის დიქტატორის ალექსანდრ ლუკაშენკოს რეაქციას იმ უხმო საპროტესტო აქციებზე, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ყოველ ოთხშაბათს საღამოს იმართება.

ამ უშიშარ დისიდენტს კვლავინდებურად დემოკრატიისადმი ლტოლვა ამოძრავებს. ბოლო 15 წლის მანძილზე პოლიციამ ირინა ხალიპი არაერთხელ ცემა. ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა მას პირადი კომპიუტერები და ფიჭვური ტელეფონები ჩამოართვა. ხალიპის ორი გაზეთი დაიხურა, მაგრამ ბელარუსმა დისიდენტმა კორუფციიის საწინააღმდეგო ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის საერთაშორისო ჯილდოები დაიმსახურა. ამას გარდა, ირინა ხალიპის ორი კოლეგა დღემდე გაურკვეველ გარემოებებში დაიღუპა. ხოლო თვით ირინამ საკმაოდ დეტალური სიკვდილის მუქარები მიიღო.

მას შემდეგ რაც ექვსი თვის წინ ირინა დააპატიმრეს, ამ 43 წლის დედამ ბევრი გადაიტანა. დისიდენტი დარწმუნდა, რომ ბელორუსის მთავრობა მისი ოჯახის დასანგრევად საბჭოთა მეთოდებს იყენებს.

იანვარში ბელორუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა ირინა და მისი მეუღლე საიზოლაციო საკნებში მოათავსეს. მთავრობამ ბებიისგან ირინას სამი წლის ბავშვის წაყვანაც სცადა, რომელსაც ობოლთა სახლში მიყვანას უპირებდნენ. მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობამ გადაიფიქრა.

ხალიპი ამტკიცებს, რომ შვილის ობოლთა სახლში წაყვანის გეგმა მის მეუღლეზე ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურებოდა.

შემდგომში მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად 74 წლის ბებიამ და მისმა შვილიშვილმა მთელი რიგი სამედიცინო და ფისიქიატრიული ანალიზები გაიარეს. მხოლოდ ამის შემდეგ ხელისუფლებამ ბებიას შვილიშვილის მეურვეობის ნებართვა მისცა. პატიმრობაში ექვსი კვირის შემდეგ, ირინა ხალიპი 30 იანვარს გამოუშვეს. მას შიდა პატიმრობის მკაცრი ფორმა მიუსაჯეს.

დასავლეთის ქვეყნებში საშინაო პატიმრობაში მყოფ პირებზე ზედამხედველობას ელექტრონული საშუალებებით აწარმოებენ. ირინა ხალიპის შემთხვევაში კი, უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი მის ბინაში სადღეღამისოდ იმყოფებოდა.

ირინა ხალიპის თქმით, აგენტები საპირფარეშოს და სამზარეულოს თავისუფლად იყენებდნენ. ამას გარდა, საკუთარ ბინაში მას გარკვეული საქმიანობა ეკრძალებოდა. მას კარის გაღება, მიმოწერა, ტელეფონზე ლაპარაკი, კომპიუტერის გამოყენება, ფანჯრებთან ჯდომა და მშობლების გარდა სტუმრების მიღება ეკრძალებოდა.

XS
SM
MD
LG