ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ეკონომიკური გამოცოცხლება შეინიშნება


შეერთებულ შტატებში ეკონომიკური გამოცოცხლება შეინიშნება

2011 წლის დასაწყისში ინვესტორებს შორის კვლავინდებურად სიფრთხილე სუფევს.

ამ ბოლო ხანებში შეერთებული შტატების ეკონომიკას გამოცოცხლების ნიშნები დაეტყო. შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველად 2008 წლის ივლისიდან მოყოლებული უმუშევრობის შეღავათების მიმღებთა რიცხვი 400,000-ზე ქვემოთ დაეცა. ხოლო სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, დეკემბერში ბიზნესების გაფართოება შეინიშნებოდა და ნოემბერში სახლების გაყიდვა ოდნავ გაუმჯობესდა. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა იუწყება, დამაიმედებელი ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, 2011 წლის დასაწყისში ინვესტორებს შორის კვლავინდებურად სიფრთხილე სუფევს.

საცალო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ და ატლანტიკური რეგიონში მომხდარმა დიდთოვლობამ მაღაზიები დაახლოებით ერთი მილიარდი დოლართი დააზარალა.

მიუხედავად ამისა, დიდთოვლობამდე საახალწლო საცალო ვაჭრობის დონემ ორი წლის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია.

ამას გარდა, სამუშაო ადგილების ბაზარზე მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა და სახლების გაყიდვის მაჩვენებელი გაიზარდა.

ამ მოჩვენებითი დადებითი მომენტის მიუხედავად, დეკემბერში მომხმარებელთა თავდაჯერებულობა შემცირდა. ეკონომისტი პიტერ კარდილო აღნიშნავს, რომ მას ყველაზე უფრო უმუშევრობის მაღალი მაჩვენელები ადარდებს:

„ვფიქრობ მომხმარებლებზე ზეგავლენას ფსიქოლოგიური ფაქტორი ახდენს. ხალხს ერთი კითხვა აღელვებს - დავკარგავ თუ არა სამსახურს? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხევაში, ახალი სამუშაოს შოვნა უთუოდ ძალიან ძნელი იქნება “ - აღნიშნავს ამერიკელი ეკონომისტი.

გასულ ხუთშაბათს "ვოლ სტრიტზე" ინვესტორები წლიური შემოსავლების შეჯამების მიზნით ფასიან ქაღალდებს იშორებდნენ.

გასული წლის დეკემბერში კომპანია Standard & Poor-ის ეკონომიკური ინდექსი 6.7 პროცენტით გაიზარდა, რაც 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ მაჩვენელებს წარმოადგენს.

Standard & Poor-ის ანალიტიკოსი ალეკ იანგი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება:

„ბევრს დაკარგული დროის ანაზღაურება სურს. ისინი ხომ შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასულ წელს დიდად არ აქტიურობდნენ. მათ ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა ადარდებდათ “ - აღნიშნა ალეკ იანგმა.

ბევრ ეკონომიკურ მიმომხილველს აგრეთვე აღელვებს ის, თუ რა გლობალურ გავლენას მოახდენს პეკინის მიერ ჩინეთის ეკონომიკის შენელბასთან დაკავშირებული ზომები, ისევე როგორც ის თუ როგორ განვითარდება ფინანსური კრიზისი ევროპაში. ხსენებულ ფაქტორებთან ერთად 2011 წელს მსოფლიო ამერიკის ეკონომიკურ კეთილდღეობას დიდი ყურადღებით დაუკვირდება.

ამას განსაკუთრებით ყურადღებას ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები დაუთმობენ.

იაპონიაში საერთაშორისო ფინანსური კომპანია Credit Suisse Securities სტრატეგი შინიჩი იჩიკავა ამასთან დაკავშირებით დასძენს:

„თუ შეერთებული შტატების ეკონომიკა გამოცოცხლდა, მაშინ იაპონიის ეკონომიკის გაუმჯობესება მოსალოდნელი იქნება, განსაკუთრებით 2011 წლის მიწურულს და რასაკვირველია 2012 წელსაც შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებამდე.“

ამასობაში ინვესტორები მოუთმენლად ელიან შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტის უმუშევრობის ახალ ანგარიშს, რომელიც 7 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს. ამ ანგარიშის საფუძველზე მათ უფრო კარგად ეცოდინებათ ის, თუ როგორ განვითარდება ამერიკის ეკონომიკა 2011 წელს.

XS
SM
MD
LG