ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ლაურეატი მომავალს პესიმისტურად უმზერს


ნობელის პრემიის ლაურეატი მომავალს პესიმისტურად უმზერს
ნობელის პრემიის ლაურეატი მომავალს პესიმისტურად უმზერს

ეკონომისტი მორტენსენი შეერთებულ შტატებში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასა და უმუშევრობის მაღალ დონეზე საუბრობს.

ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი დეილ მორტენსენი აცხადებს,რომ აშშ-ში უმუშევრობის მაღალი დონე გრძელვადიანი კრიზისის მომასწავებელია.

დეილ მორტენსენი იმ სამ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დაიმსახურეს. ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატებად აგრეთვე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი პიტერ დაიმონდი და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მეცნიერი კრისტოფერ პისარიდისი დასახელდნენ. სამივე 10 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ ცერემონიაზე ნობელის პრემიას მიიღებს.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა კეინ ფარაბომ მორტენსენს მის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში მდებარე ოფისში ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ეკონომისტი შეერთებულ შტატებში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასა და უმუშევრობის მაღალ დონეზე საუბრობს.

როცა ოქტომბერში შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიიდან დეილ მორტენსენს დაურეკეს, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი დანიაში ლექციებს კითხულობდა და მისთვის ეს შეტყობინება ძალზედ სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ეს იყო ის ზარი, რომელსაც ბევრი ელოდა, მაგრამ მხოლოდ რჩეულები იმსახურებენ. დასაქმებასთან დაკავშირებული კვლევისა და უმუშევრობის თეორიის შესწავლის სფეროში განთქმული პროფესორისთვის, რომელმაც დასაქმების ბაზრის შესწავლას აკადემიური კარიერა შეალია, ეკონომიკაში ნობელის პრემია დამსახურებული ჯილდო აღმოჩნდა.

„როგორც წესი, ეკონომიკის სფეროში ამ პრემიას მხოლოდ ისინი იმსახურებენ, ვინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან თეორიულ მოდელებს იგონებენ“ - აღნიშნავს მორტენსენი.

თავის კვლევაში მორტენსენს აინტერესებდა იმის ახსნა, თუ რა განაპირობებს უმუშევრების ესოდენ დიდ რიცხვს მაშინ, როცა სამუშაო ადგილების ბაზარზე ბევრი ვაკანსია შეინიშნება.

„მე ვცდილობ იმ პროცესის შესწავლას, რომლის მიხედვითაც მუშები სამუშაო ადგილებს პოულობენ. კვლევის მეოხებით იმ ნაკლოვანებების ამოცნობას ვცდილობ, რომელიც ხსენებულ პროცესს გაადვილებს “- აღნიშნავს მორტენსენი.

მორტენსენს ეკონომიკაში ნობელის პრემია მიენიჭა იმის გამო, რომ მან ხსენებული პროცესი რთულ მათემატიკურ მოდელში გამოხატა, რომელიც ეკონომისტებს დაეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენ ხანს იკავებს მუშებისთვის სამსახურის მოძებნა, ხოლო დამქირავებლებისთვის მუშების მონახვა.

მორტენსენის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება სწორედ ამ ცოდნას ემყარება.

„ამ იდეების გამოყენება სამუშაო ადგილების ბაზარზე ცხადია, რადგან ამ დანახარჯების ერთერთი გამოხატულება გახლავთ ის, რომ სამუშაო ადგილის მონახვა, ისევე როგორც ვაკანსიის შევსება, გარკვეულ დროს იკავებს. ამდენად ჩვენ ვხედავთ, რომ უმუშევარი პირები ვაკანსიებს ეძებენ და ამ პროცესის გაგება მნიშვნელოვანია, რადგან შედეგად ჩვენ ვიგებთ იმას, თუ როგორ ნაწილდება სამუშაო ძალა და რა როლს ასრულებს ამ პროცესში ფასი, ანუ ამ შემთხვევაში, ხელფასი “- აღნიშნა ეკონომისტმა.

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის საშუალო ეროვნული მაჩვენებელი ამჟამად ცხრა პროცენტს აღემატება. თუ კონგრესმა არ გააგრძელა შესაბამისი კანონმდებლობის მოქმედება, დეკემბრის მიწურულს ორი მილიონი ამერიკელი იძულებით უმუშევრობასთან დაკავშირებულ სოციალურ გადასახადს აღარ მიიღებს.

XS
SM
MD
LG