ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი თუ მშვიდობა?!


ომი თუ მშვიდობა?!

"დღესდღეობით სახეზეა სერიოზული ესკალაცია, ომის ალბათობა არის საკმაოდ მაღალი"- გიორგი წიკლაური.

ბოლო თვეებში მწვავდება ვითარება ირანთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენად რეალურია საფრთხე, რომელიც ირანსა და აშშ შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში შეიძლება საქართველოს დაემუქროს. ექსპერტთა კლუბის წევრის, გიორგი წიკლაურის თქმით, შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე იმოქმედებს:

"ამას მოყვება თავისი რისკები, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში რისკი მოდის არა ირანის მხრიდან. რისკი მოდის ჩრდილოეთიდან, იმიტომ რომ მოსკოვს უკვე დიდი ხანია აქვს გამოხატული პოზიცია, ის ცდილობს, რაღაც როლი ითამაშოს ირანთან დაკავშირებულ მოვლენებში. კონკრეტული მოთხოვნები მოსკოვს არ გამოუთქვამს, მაგრამ ის, რომ სირიაში გაგზავნა თავისი ფლოტი, გაკეთდა გარკვეული პოლიტიკური განცხადებები, დაგეგმა სამხედრო სწავლებები, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვს სურს რაღაც მოითხოვოს. ,მოსკოვმა უკვე გააკეთა განცხადება სტრატეგიული სწავლებების შესახებ თავის სამხრეთ ოლქში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და სომხეთში, სადაც გიუმრიში აქვს ბაზა.სამხედრო სწავლებების მიზეზად სახელდება სიტუაცია ირანის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთი უშუალოდ ჩაერთვება ამ ომში, თუ ეს ომი მოხდება."

ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძის განცხადებით, აშშ და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს:

” საქართველოს საზღვრებთან ასე ახლოს სამხედრო დაპირისპირება საქართველოს კარგს არაფერს უქადის. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფული საშიშროება ჩვენ ქვეყანას არ ელის. ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, იზრუნოს, რომ ირანთან მიმართებაში დიპლომატიური და ეკონომიკური დანაკარგები იყოს მინიმალური. ამერიკა ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ ირანი ჩვენი მეზობელი, თანაც მნიშვნელოვანი ეკონიმიკური პოტენციალის ქვეყანა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ამ კონფლიქტის გამწვავებაში ყველაზე მეტად დაინტერესებულია არა ვაშინგტონი, არამედ ისრაელი, საუდის არაბეთი და ემირატები”.

ომის დაწყებამდე 2 კვირა სახელდება, ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ 2-კვირიანი ვადა არარეალურია, თუმცა მისივე თქმით, 2012 წელს ამ ომის მოლოდინი ყველას აქვს. მამუკა არეშიძის განცხადებით, ომის შემთხვევაში საქართველო უაღრესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება:

" ერთის მხრივ, შეიძლება ამ კონფლიქტში საქართველო ზურგის მომარაგების ბაზად იქნას გამოყენებული, ეს იქნება აეროდრომები და ჰოსპიტალები და ეს უკვე გარკვეული ხიფათის შემცველია, მეორეს მხრივ რუსეთი აუცილებლად მოინდომებს სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ძალის დემონსტრირებას და გიუმრის ბაზასთან სომხეთში დასაკავშირებლად, შესაძლოა სახმელეთო სამხედრო ოპერაციაც კი განახორციელოს”. .

ექსპერტი გიორგი წიკლაური თვლის, რომ დღესდღეობით სახეზე გვაქვს სერიოზული ესკალაცია, ომის ალბათობა არის საკმაოდ მაღალი.

იმ შემთხვევაში თუ აშშ საჰაერო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან იმოქმედებენ ირანის წინააღმდეგ, ირანი დაარტყამს თუ არა საქართველოს?

"რა თქმა უნდა ეს რისკიც არსებობს, მაგრამ ეს არის წმინდა წყლის თეორია. იმიტომ რომ არაფერი არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ტერიტორიიდან ამერიკელებმა იმოქმედონ ირანის წინააღმდეგ.ეს ასე მარტივად არ ხდება.ამისთვის ამერიკელებს აქ უნდა ქონდეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც არ აქვთ, ამის გაკეთებას სჭირდება დრო, არა 1 წელი და არა 2 წელი ზოგ შემთხვევაში. მცირე ოპერაციისთვის კი შეიძლება სხვადასხვა ვარიანტი იყოს, მაგრამ უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია, რაში შეიძლება დავჭირდეთ ამერიკელებს, როცა მას ჰყავს მოკავშირე ნატოს წევრი თურქეთი, ფლობს სპარსეთის ყურეში საზღვაო ძალებს და ა.შ. საქართველოს კი ირანთან უშუალო საზღვარი არ აქვს.. ასე რომ ასეთი განცხადებები არის სხვა არაფერი, თუ არა სუფთა წყლის თეორია,ფანტასტიკის ზღვარზე დგას ასეთი თეორიები”.

XS
SM
MD
LG